„ძალიან მძიმე ცვლილებებია“ — ოპოზიცია დაგროვებით პენსიაზე ცვლილებს ეწინააღმდეგება

1 week ago 13

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს აკრიტიკებენ და ცვლილებების უკან საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკს ხედავენ.

საუბარია პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა და საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი კი მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის.

ამასთან, ცვლილებები შეეხება საინვესტიციო აქტივების მართვასაც და შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება.

გარდა ამისა, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ, რომ საკუთარი საპენსიო აქტივები კერძო მმართველ კომპანიებში გადაიტანონ.

ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 503 000 ადამიანია ჩართული, რომელთა საპენსიო დანაზოგი, ჯამურად, 4.8 მილიარდი ლარია.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები მთავრობის ახალი ავანტიურაა.

„მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს — საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან და არამომგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების ( მაგ. სამშენებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს.

ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა,“ — წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება.

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციური გადაწყობის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამიტომ, როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მთავრობის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს „ძალიან მძიმე პოლიტიკური სუნი ასდის“.

„სააგენტოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია იყო საერთაშორისო საინვესტიციო საბჭო იყო, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული, რომელიც, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებდა საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ე.წ. ორბორდიანი სისტემა იმიტომ იყო, რომ საინვესტიციო საქმიანობა საოპერაციო საქმიანობისგან გამიჯნულიყო. დამოუკიდებლობის სპეციალური დამცავები იყო ჩადებული, რადგან ყველა ხელისუფალს აქვს ცდუნება,“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, წარმატებული საპენსიო რეფორმები ქვეყნებში მაშინ მთავრდება, როგორც კი ხელისუფლებას ამ ფინანსური რესურსის გამოყენების სურვილი უჩნდება.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მთავრობამ ვერ მოითმინა ასეთი ტიპის დანაზოგების დამოუკიდებლად მართვა და ფაქტობრივად, საერთაშორისო საინვესტიციო ბორდის გაუქმება გადაწყვიტა.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ბორდში პარლამენტი ნიშნავდა წევრებს. ახლა პირდაპირ დაუქვემდებარებენ პრემიერ-მინისტრს. საერთოდ, როგორ შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით ამხელა სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესო?! რა საჭირო იყო, პარლამენტი ვერ ნიშნავდა საპენსიო სააგენტოს ბორდის წევრებს?! მე გეტყვით, რაშია საქმე — მხოლოდ იმ ადამიანებს დანიშნავენ, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ იქნებიან. ახლაც ხომ ხორციელდება ცვლილებები, გაიზარდა ისეთ აქტივებში ინვესტიციების შესაძლებლობა, რასაც აქამდე კანონი კრძალავდა და ამის ლიმიტები იზრდება. მე დარწმუნებული ვარ, შემდეგი ცვლილება იქნება ისეთი, რომ ამ დანაზოგების გამოყენება ისეთ პროექტებში გახდება შესაძლებელი, რომელიც კარგი პრაქტიკის შესაბამისად, არ უნდა მოხდეს.

არაერთხელ გაგვიგონია ხელისუფლებისგან, რომ რატომ არ ფინანსდება, მაგალითად, ჰესები და ასეთი ტიპის პირდაპირი პროექტები, რომელიც არ არის კარგი პრაქტიკა. არცერთ ნორმალურ საპენსიო ფონდის ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიცია კაპიტალურ პროექტებში არ ხორციელდება, რადგან ამას აქვს ბევრი რისკი — საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, სამშენებლო რისკი და ა.შ. ჩვენ გვახსოვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ჰესის მშენებლობისთვის ერთი თანხა იყო დათვლილი და შემდეგ ისეთი კატასტროფა მოხდა უხარისხო მშენებლობის გამო, რომ, ფაქტობრივად, ინვესტიციის გასამმაგება გახდა საჭირო!“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

გარდა ამისა, ბექა ლილუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საპენსიო დანაზოგებით სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.

„დღევანდელი საინვესტიციო პოლიტიკის პირობებში საპენსიო სააგენტოს შეუძლია, დანაზოგების ძირითადი ნაწილი დააბანდოს ისეთი კორპორაციების ფინანსურ ქაღალდებში, ობლიგაციებსა და აქციებში, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google და სხვა მსოფლიო გიგანტები და მეორე მხრივ, ბანკებში განათავსონ დეპოზიტებზე.

ბუნებრივია, აქ კორუფციის სივრცე არ არსებობს, მაგრამ როგორც კი საპენსიო ფონდი დაიწყებს ინვესტირებას პირდაპირი სახით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, პორტი თუ ჰესი, ამ ქვეყანაში კორუფციის ერთ-ერთი უზარმაზარი წყაროს დამფინანსებელი ხდება. შესაბამისად, გამოდის, რომ როგორც დღეს გამოიყენება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ინვესტიციები კორუფციის დასაფინანსებლად, ზუსტად იგივე კალათაში ექცევა საპენსიო ფონდში არსებული აქტივებიც,“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, იმ პირობებში, როცა ინსტიტუციაც და მისი ზედამხედველიც, დამოუკიდებლობის დაცვის ორი მექანიზმი, პრაქტიკულად მორღვეულია, არავინ იცის ეს თანხები სად წავა და რაში დაიხარჯება.

მისი თქმით, ეს ზრდის რისკებს, რომ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები საერთოდ დაიკარგოს. ის პარალელს ავლებს 1990-იან წლებთან, როცა მოქალაქეებმა საბჭოთა კავშირის დროს დაგროვებული ანაბრები დაკარგეს.

„ყველას კარგად ახსოვს, რომ ამ [საპენსიო] რეფორმის განხორციელებას ვერავინ ბედავდა იმ განწყობის გამო, რაც არსებობდა ხალხში ასეთი ტიპის ფონდებთან დაკავშირებით. აქ პრინციპული საკითხი იყო სწორედ დამოუკიდებლობა, რადგან სახელმწიფო ინტერესების შემთხვევაში უზარმაზარი რისკები ჩნდება. 90-იან წლებში დანაზოგების დაკარგვაც მაგას მოჰყვა, როცა სწორედ  ე.წ. სახელმწიფო ბანკებში მოხდა ფულის განთავსება. ამიტომ ახლა რისკი დიდია, განსაკუთრებით, როცა ხელისუფლება პირდაპირ არის კონტროლის გამტარებელი საპენსიო სააგენტოში, ვგულისხმობ საინვესტიციო ნაწილს. ბუნებრივია, რისკი დიდია, რადგან საით გაისვრის ამ თანხას, სად წაიღებს და როგორ დააბანდებს, დამზღვევიც არავინ არ არის,“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ამასთან, ბექა ლილუაშვილის თქმით, ცვლილებებით, რომლითაც მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ, რომ საკუთარი საპენსიო აქტივები კერძო მმართველ კომპანიებში გადაიტანონ, მთავრობა მათ გასაქცევ კარს უქოლავს. რადგან მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საპენსიო ფონდის სანდოობა შეერყევა, მოქალაქეებს ბუნებრივად გაუჩნდებათ სურვილი, რომ თავიანთი აქტივები კერძო სექტორში წაიღონ.

„როცა ხელისუფლება ხარ და დამოუკიდებლობის დაკარგვის უზარმაზარ რისკს აჩენ, ამ უზარმაზარი კითხვის ნიშნების პირობებში ადამიანებს შეუძლიათ, ეს ფული მარტივად გამოიტანონ და გადაიტანონ და საერთოდ მოგაშორონ შენ და შენს მენეჯმენტს, ბუნებრივია, ამ კარის დატოვებას არანაირი პრაგმატული აზრი არ რჩებოდა. ამიტომ ეს კარი უბრალოდ ამოქოლეს, რომ ადამიანები არსად არ გაიქცნენ და ეს თანხები პირდაპირ მოაქციეს თავისი ეფექტური კონტროლის ქვეშ.

ეს დამზღვევიც იმიტომ იყო ჩადებული, რომ ფონდის ზრდასთან ერთად, ჩვენ გვჭირდებოდა რაღაც პერიოდი რეფორმიდან, რომ ადამიანები შეჩვეოდნენ ამ პროცესს და თავის თვალით ენახათ, რომ ეს დანაზოგები ინვესტირდება, სარგებელს წერს და უსაფრთხოა, მაგრამ რაღაც ეტაპზე, დიდი ეკონომიკური ბერკეტის სახელმწიფო მმართველობაში მოქცევა, არასწორია ეფექტიანობის და კონკურენციის კუთხით. შეიძლება ადამიანმა ნაწილი კერძო ფონდში გადაიტანო, ნაწილი სახელმწიფო ფონდში დატოვოს ან კერძო ფონდში გადაიტანოს ყველა და სამ სხვადასხვა ფონდში გადაანაწილოს. ამით თავის აქტივების დივერსიფიცირებას ახდენს და უფრო იცავს“, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი და დასძენს, რომ მთავრობამ ეს „ჯანსაღი პროცესიც მოშალა“.

როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, ეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ერთი დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ხელისუფლების გახანგრძლივების ფინანსურ საფუძვლის მომზადებაა.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, საგარეო დაფინანსების წყაროების შეზღუდვას, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ცვლილებებით კი შიდარესურსების გამოყენებასაც თავის კონტროლს დაუქვემდებარებს.

„ჩვენ ვნახეთ ეროვნულ ბანკზე და ბიუჯეტზე პირდაპირ კონტროლს მოჰყვა ქვეყნის გამოყენება ოფშორული ფულის მომსახურების ინტერესებისთვის. ახლა უკვე საპენსიო დანაზოგს მიადგნენ და ამასაც ცდილობენ, რომ ხელისუფლების გახანგრძლივების ფინანსურ საფუძვლად და ბერკეტად გამოიყენონ. ამიტომ ეს ძალიან მძიმე ცვლილებებია სინამდვილეში,“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

სრულად წაკითხვა