ტელეწამყვანი ანი გიუნტერი მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე „პრაიმ ტაიმთან“ საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„პირველი ინტერვიუა ამ ამბების მერე. რომ წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს ვუზიარებდი ამ ამბავს, ისიც კი მიჭირდა. ეს არ იყო ორი დის ჩვეულებრივი ამბავი. სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი მზრუნველობა ჩემ თავზე მქონდა აღებული. ეს იყო უმძიმესი 10-15 წელი.
ძალიან ხშირად ვარდებოდა კომაში და ხელოვნური მართვის აპარატზე ჰყავდათ. რამდენჯერაც და მეწვა რეანიმაციაში, იმდენჯერ გარდავიცვალე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როცა ის იყო კომაში, მე არ ვიყავი ქმედითუნარიანი, რა სამსახურზე იყო საუბარი და წინ წასვლაზე, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ შენი შესაძლებლობის ადამიანი უნდა იყოს სხვა საფეხურზეო, მაგრამ როცა შენი თანმდევი არის სტრესი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ფონად მომყვებოდა, ახლაც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სხვა საფეხურზე ვყოფილიყავი, როცა სიკვდილის ზღვარზეა შენი სისხლი და ხორცი… ამას ემატება ჩემი დისშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ჩემი დისთვის ურთულესი იყო მისი მოვლა. ბავშვის მამა შშმ პირია. ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებს. ამდენი ნეგატიური ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, გეტყვით, რომ მეორე დისშვილსაც, პრობლემები აღმოაჩნდა. ეს ამბავი სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე. მოუწევს მკურნალობა. რეალურად ყველა პრობლემა, რომელიც ჩემ დას უკავშირდებოდა, მოხდა ბავშვის გაჩენის გამო, იმიტომ რომ კატეგორიულად აუკრძალა ექიმმა ორსულობა და მშობიარობა, ბავშვი არის 18 წლის, არ დავაკონკრეტებ, რა სახის პრობლემაა, მაგრამ მჯერა, რომ თანამედროვე მედიცინა, დაგვეხმარება და ყველაფერი მოგვარებადი იქნება. ეს ბავშვი 18 წლის განმავლობაში ჩემთვის იყო ნათელი წერტილი, იმიტომ რომ მჯეროდა, რომ ღმერთი მას არ გასწირავდა. ჩემ დას ექიმმა პირდაპირ უთხრა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, მას დაავადება გაუმეორდებოდა, მაგრამ მან მაინც გააჩინა შვილი.. ჩემი და 13-ჯერ გადაურჩა სიკვდილს, 13-ჯერ იყო კომატოზურ მდგომარეობაში და ჩათვალეთ, რომ 13-ჯერ გაცოცხლდა. სამწუხაროდ ბოლოს ასე არ მოხდა და ტრაგიკულად დასრულდა. შვილებმა კი ისეთი სტრესი განიცადეს, რომ მათ დამატებით მკურნალობა დასჭირდათ,
ვინ მეხმარება? პირველ რიგში ჩემი თავი და ძალა, რომელმაც ამ სამყაროში მომიყვანა. ღმერთის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანმა იმ განცდას გაუძლოს, რა გზაც მე გამოვიარე“, – ამბობს ანი გიუნტერი.
pozitivi.ge