სანქტ-პეტერბურგიდან 2023 წლის ზაფხულში იძულებით დაბრუნებული სედა სულეიმანოვა, რომელიც ნათესავებს გაექცა, შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ მოკლეს. აღნიშნულ ვერსიას ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტის, ვალერია კირსანოვას ფილმში კრიზისული ჯგუფ СК SOS-ის დირექტორი, დავით ისტეევი ჰყვება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში გოგონა თავის მშობლიურ სოფელ ალხან-იურტში “სასაფლაოს გარეთ, ძაღლივით, გზის პირას დაკრძალეს”.
რამდენიმე წყარომ „СК SOS“-ს განუცხადა, რომ მკვლელობის ბრძანება, შესაძლოა, ჩეჩნეთიდან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს ეკუთვნოდეს, რომელიც რამზან კადიროვის უახლოესი თანამოაზრეა. თუმცა, ამ მონაცემების დადასტურება ჯერ ვერ მოხერხდა.
2022 წლის ოქტომბერში სულეიმანოვა ჩეჩნეთიდან “ღირსების მკვლელობის” შიშის გამო გაიქცა, რადგან ნათესავები მას არასაკმარის რელიგიურობაში ადანაშაულებდნენ. გოგონა სანქტ-პეტერბურგში ერთ წელზე ნაკლებს ცხოვრობდა, ხოლო 2023 წლის აგვისტოში ის გაიტაცეს და რესპუბლიკაში დააბრუნეს. ცოტა ხნის შემდეგ ჩეჩენმა “ომბუდსმენმა” მანსურ სოლტაევმა სულეიმანოვას ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, რაც იმის დასტური უნდა ყოფილიყო, რომ გოგონა ცოცხალი და საკუთარ სახლში არსებული სიტუაციით კმაყოფილი იყო. მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი.
წყარო: ambebi.ge