WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთმა ისტორიულმა შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა – ბევრი ადგილი, რომელიც წარსულში სხვა ფუნქციას ასრულებდა, დღეს  სასტუმროდ, რესტორნად,  და კულტურულ სივრცედ იქცა.

ძველი შენობების აღდგენა არა მხოლოდ მათი ისტორიის შენარჩუნებას ემსახურება, არამედ ქალაქის იერსახესაც ახალ მნიშვნელობას სძენს.

Stamba Hotel

Stamba Hotel დღეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა, თუმცა შენობას სრულიად განსხვავებული ისტორია აქვს.

კომპლექსი 1930-იან წლებში აშენდა და საბჭოთა პერიოდში გამომცემლობა „სამშობლოს“ სტამბას წარმოადგენდა. სწორედ აქ იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები და გაზეთები. წლების განმავლობაში მიტოვებული შენობა 2010-იან წლებში Adjara Group-მა აღადგინა.

რესტავრაციისას არქიტექტორებმა შენობის ინდუსტრიული ხასიათი მაქსიმალურად შეინარჩუნეს – დატოვეს ბეტონის კონსტრუქციები, ძველი აგურის კედლები, სტამბის კონვეიერის ნაწილი და სხვა ავთენტური დეტალები. სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა. დღეს აქ განთავსებულია ნომრები, რამდენიმე რესტორანი, კაფე, ბიბლიოთეკა, სამუშაო სივრცეები, საგამოფენო სივრცე და მაღაზიები.

Fabrika

Fabrika Tbilisi დღეს ტურისტებისა და ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, თუმცა წარსულში აქ საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკა ფუნქციონირებდა.

შენობა XX საუკუნის შუა წლებში აშენდა და მრავალი წლის განმავლობაში ტექსტილის წარმოებისთვის გამოიყენებოდა. 2016 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ავტორებმა მისი ინდუსტრიული იერსახე შეინარჩუნეს, თუმცა სივრცე თანამედროვე საჭიროებებს მოარგეს.

დღეს „ფაბრიკაში“ ფუნქციონირებს ჰოსტელი, კაფეები, ბარები, რესტორნები, დიზაინერული მაღაზიები, სახელოსნოები, საერთო სამუშაო სივრცეები და ღია ეზო, სადაც თითქმის ყოველდღე კულტურული ღონისძიებები ტარდება.

Museum Hotel Orbeliani

Museum Hotel Orbeliani მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც ოდესღაც ორბელიანების ოჯახს ეკუთვნოდა.

შენობის რესტავრაციისას განსაკუთრებული ყურადღება ფასადისა და ინტერიერის ისტორიული ელემენტების შენარჩუნებას დაეთმო. აღდგენილია დეკორატიული დეტალები, კიბეები და ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დღეს შენობაში ფუნქციონირებს ბუტიკ-სასტუმრო, რესტორანი, ბარი და საკონფერენციო სივრცეები.

ღვინის ქარხანა N1

ისტორიული შენობა 1894-1896 წლებში რუსი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აშენდა, ხოლო მისი მშენებლობა ქართველმა მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა. თავდაპირველად აქ საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფი და მოგვიანებით ღვინის საწარმო ფუნქციონირებდა.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქარხანა წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. 2013 წელს მისი სრული რეაბილიტაცია დაიწყო, ხოლო 2017 წელს ისტორიული კომპლექსი სრულიად ახალი კონცეფციით გაიხსნა. რესტავრაციისას შენობის ისტორიული იერსახე, აგურის თაღები, ღვინის სარდაფები და ფასადის მნიშვნელოვანი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდა.

დღეს ღვინის ქარხანა N1 მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც განთავსებულია რესტორნები, ღვინის ბარები, კაფეები, საკონდიტროები, კონცეპტუალური მაღაზიები, ღია კინოთეატრი, კულტურული ღონისძიებების სივრცეები და ისტორიული ღვინის მარანი, რომელიც კომპლექსის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

Lolita

ლოლიტა დღეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია და  მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ ისტორიულ საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.

რესტორნის გახსნამდე შენობას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, თუმცა რეკონსტრუქციისას განსაკუთრებული ყურადღება ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებას დაეთმო. აღდგა ხის აივნები, ინტერიერის ავთენტური ელემენტები, კიბეები და დეკორატიული დეტალები, რომლებიც შენობის პირვანდელ ხასიათს ინარჩუნებს.

დღეს Lolita მხოლოდ რესტორანი აღარ არის –  ეს არის თანამედროვე ურბანული სივრცე, რომელიც აერთიანებს კაფეს, ბარს, ღია ეზოსა და ღონისძიებების სივრცეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ბოლო წლების ყველაზე რეზონანსული შენობები საქართველოში

#OK! 7 ყველაზე საინტერესო ბუტიკ-სასტუმრო თბილისში