ძმებ ფეიქრიშვილებს, რომლებიც გუშინ, 23 სექტემბერს დააკავეს, დღეს ბრალი წარუდგინეს. ბრალი წარედგინა ასევე მათთან ერთად დაკავებულ პირს, მათი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს.
დავით ფეიქრიშვილს 5 წლამდე (ხულიგნობის მუხლით), გიორგი ფეიქრიშვილს კი 7 წლამდე პატიმრობა (გამოძალვის მუხლით) ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე ძმას, გიორგი ფეიქრიშვილს, მას პროკურატურა ფულის გამოძალვას ედავება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ — ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა სასამართლოს უახლოეს პერიოდშივე მიმართავს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილების სახელს არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება.
მათ სახლებში ჩხრეკა დაკავებამდე შუაღამისას, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა.
netgazeti