წამყვანი ნიკო ნანიტაშვილი, რომელმაც ძალადობა დაგმო, POSTV-ზე აღარ მუშაობს

2 weeks ago 5

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ში აღარ მუშაობს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამის მიზეზი ნანიტაშვილის პოსტი გახდა, რომლითაც მან პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმის ძალადობა და სასტიკი მოპყრობა გააკრიტიკა.

ნანიტაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით შეიცვალა და “არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა”.

მან წინა შაბათს დაგმო ძალადობა და მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

“არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში. არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა. ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!!

მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს… მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო. მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე. მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქართველოს დამონებას და განადგურებას ლამობს…

არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ,მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ… ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული… არა ძალადობას!!! არაააა ძალადობააას!!! საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს…რუსეთი ოკუპანტია…პუტინის დედას შევეცი, ყველგან და ყოველთვის… დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!”, – დაწერა ნანიტაშვილმა სოციალურ ქსელში.

ნანიტაშვილს POSTV-ზე ორი გადაცემა მიჰყავდა – “ნიკოს შოუ” და “პოსტ ალიონი”. ეს უკანასკნელი ეთერში ბოლოს 29 ნოემბერს, პარასკევს გავიდა – ერთი დღით ადრე იქამდე, სანამ ნანიტაშვილი პოსტს დაწერდა. გადაცემის ფეისბუქ გვერდზე დევს მომდევნო გადაცემის ანონსიც, რომელიც 2 დეკემბერს უნდა გასულიყო ეთერში. თუმცა, ბოლო ხუთი დღეა მის ნაცვლად POSTV-ის ეთერში რუსული სერიალი გადის.

რაც შეეხება “ნიკოს შოუს”, ის ხუთშაბათობით, საღამოს ეთერში გადიოდა. გადაცემა ბლოო 28 ნოემბერს გავიდა და ნიკო ნანიტაშვილი მაყურებელს შემდეგ ხუთშაბათამდე, ანუ 5 დეკემბრამდე დაემშვიდობა. 5 დეკემბერს, გასართობი და მუსიკალური “ნიკოს შოუს” ნაცვლად ეთერში პოლიტიკური გადაცემა, ზვიად ავალიანის “პოსტ ანალიტიკა” გავიდა.

ნიკო ნანიტაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ის ტელევიზიაში აღარ მუშაობს.  ერთი კვირაა ტელევიზიის ეთერში აღარ გამოჩენილა. ტელევიზიის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა ლალი მოროშკინასთან ეთერში გვარის დასახელების გარეშე ახსენა  და გააკრიტიკა მათი”ერთი-ერთი წამყვანი”, რომელიც მისი თქმით, უკვე არხზე აღარ მუშაობს და თქვა, რომ ამ წამყვანმა ზოგადად დაგმო ძალადობა, ამ დროს არ დაუგმია მათი ტელევიზიის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ბულინგი. ბუნდოვანია ნანიტაშვილი გაათავისუფლეს თუ თავად დატოვა ტელევიზია. კომენტარს არც შალვა რამიშვილი აკეთებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროსახელისუფლებო POSTV-ს  და გასართობი გადაცემების წამყვანების გზები იყრება. გაზაფხულზე, როცა მოქალაქეები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ტელევიზია სამმა წამყვანმა დატოვა – ირმა სოხაძემ, მანუ მურღულიამ და ანა ამილახვარმა. სამივე შემთხვევაში მიზეზი მათი საჯარო პოზიცია გახდა, რომლითაც მათ პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობა გააკრიტიკეს

მსახიობმა ანა ამილახვარმა, სოციალურ ქსელში პირდაპირ დაწერა, რომ ტელევიზიიდან ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ POSTV-ზე შეჩერდა მომღერალ ირმა სოხაძის გადაცემა. მოგვიანებით, ტელეკომპანია დატოვეს როგორც სოხაძემ, ისე მისმა თანაწამყვანმა, მომღერალმა მანუ მურღულიამ. სოხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა, POSTV-დან რუსული კანონის შესახებ მისი პირადი მოსაზრებების გამო წამოვიდა, რათა არც საკუთარი თავისთვის და არც პროსახელისუფლებო ტელევიზიისთვის დისკომფორტი არ შეექმნა.

“მე არ მესმის ამ კანონის აუცილებლობა, პირდაპირ ვამბობ. ვერაფრით ვერ გავიგე, რა სიკეთე აქვს იმდენი, რამდენ საფრთხესაც შეიცავს. გულდაწყვეტილი ვარ, რომ [ამას აკეთებს] ხელისუფლება, რომელსაც ვენდობოდი თვალდახუჭული. “ნაცების” დაბრუნებაზე ფიქრიც არ შემიძლია – არავინ არ გაბედოს, მითხრას, რომ მე ვარ “ნაცი”. მაგრამ, სამწუხაროდ, ვინც არა ვართ კანონის მომხრე, ყველანი ჯაშუშებად და “ნაცებად” შევირაცხებით.  ასეთ გაუგებარ პოზიციაში ვართ ყველა, ვინც არ ვეთანხმებით ამ კანონს, მაგრამ არ ვართ “ნაცები”. ასეთი მოცემულობაა, რომ თუ არ ხარ აქ, ხარ იქ. არ არის ასე. მინდა ეს ყველას ვუთხრა – არ არის აუცილებელი იყო “ნაცი”,  თუ ამ კანონს ვერ იღებ. ამ მდგომარეობაში ვარ მე”, – თქვა სოხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რაც შეეხება მანუ მურღულიას, მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ის ტელევიზიიდან ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს.

სრულად წაკითხვა