წერილი ორ სპეცრაზმელს

1 week ago 3

“წერილი ორ სპეცრაზმელს”, – ნათია გოგიჩაიშვილი, რომლის მეუღლე და შვილი 7 დეკემბრის ღამეს სამართალდამცველებმა აქციაზე დააკავეს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

ის სპეცრაზმელებს მიმართავს და უხსნის, რომ მათი საერთო მტერი რუსეთია.

“წერილი ორ სპეცრაზმელს, ერთს, რომელმაც ჩახუტების უფლებაც კი მომცა,ყველა ნაკვთი მახსოვს მისი, საშინელი ნიღბის მიღმა რომ ჩამოსტიროდა და მეორეს, შეიარაღებულმა ბოლომდე რომ გამომაცილა,ის რომელიც მიცავდა საშინელი მხეცებისაგან,უკანა ხაზზე რომ იდგნენ და ღმუოდნენ, ისე ეწადათ ჩემი ხმის ჩახშობა, როგორ ცდილობდა ჩემს დაცვას ის ორი, რომელიც ცისარტყელად მეჩვენებოდა იმ შავი ფერის ღმუილში და ახლა ვფიქრობ, რას მეუბნებოდა მისი საოცრად სევდიანი თვალები,….ეს ღამე მაინც ვიქნები შენი შვილი, იქნებ ჩემს მაგივრადაც იყვირო, ამ მხეცებში და ამ მოჩვენებით მშვიდ ღამეში სრულიად მარტო ვარ, გზას ვეღარ ვიგნებო. ვიცი, ვერც წაიკითხავთ თქვენ ამ ჩემ ბოდიალს, ალბათ გაგეცინებათ კიდეც, რადგან ის რაც იყო ალბათ, ჩემო წამიერად შეცოდების შეგრძნება იყო ან იქნებ დაცლილები ხართ ყველა სიკეთისგან, მაგრამ ვდარდობ მე თქვენზე, უსაშველოდ მედარდება თქვენი უგონო მდგომარეობა, თითქოს მკვდრები ხართ და შესაბამისად არანაირი შეგრძნება არ გაგაჩნიათ, მე კიდევ ისევ ვდარდობ. არაფერს არ გთხოვთ, არც რომელიმე პოზიციაზე ყოფნას, უბრალოდ, როგორც დედა ისე გევედრებით, ზუსტად ისე როგორც მაშინ, სანამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რაიმეს გაივლებთ მაინც გულში, თქვენს დედას და მამას, დასა და ძმას ჩახედეთ თვალებში, ზუსტად იმ დედას დაინახავთ, მე რომ ვედრებით შემომცქეროდით . ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს და ეს არის რუსეთის საშინელი იმპერია, რომელთაც უამრავი ადამიანი დაგვიხოცა, მოგვიწამლა . მე არც გმირი ვარ და არც არავინ, დედის ემოციები იყო ის, რაც თქვენ იმ ღამეს ნახეთ, ხორცი კი დამისერეთ, გამამწარეთ, გამომშიგნეთ და შიგნით ხელები აფათურეთ, მაგრამ ჩემი სული იგივეა, ისევ დედა ვარ და ზუსტად ვიცი, იქ რომ საერთო მტერი დაგვსხმოდა თავს, იმავეს გავაკეთებდი, ისევ ვიყვირებდი თქვენს დასახმარებლად, რადგან მოცემულობა მხოლოდ ერთია, ერთი ხალხი ვართ, ერთი სისხლი გვაქვს, ერთ ქვეყანაში ჩავისუნთქავთ ჰაერს, რაც ჩვენ გვაცოცხლებს და გვყავს მხოლოდ ერთი დიდი და საუკუნო მტერი და ჩვენი მტერი რუსეთია!”, – წერს ნათია გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა