WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

წინანდლის სახლ-მუზეუმში საშემოდგომო საგამოფენო სეზონი, 6 სექტემბერს, ახალგაზრდა მხატვრის, გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება.

ექსპოზიცია სახელწოდებით „…რომ სიყვარული არ დაიკარგოს“ მხატვრის მიერ 1990-იანი წლების მიწურულს შექმნილ ჩანახატებსა და ჩანაწერებს აერთიანებს. წარმოდგენილი ნამუშევრები ავტორის შემოქმედებით ძიებას, სულიერებას, ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და საქართველოს იმ პერიოდის წინააღმდეგობრივ რეალობას ასახავს.

გიგა დათუაშვილი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მისი შემოქმედება და შინაგანი სამყარო 2026 წელსაც დიდ ინტერესს და განსაკუთრებულ კონტექსტს იძენს, როცა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე აღინიშნება.

წინანდლის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია დამთვალიერებელს მხატვრის შემოქმედებით სამყაროსთან და მის პირად ჩანაწერებთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენის ნახვა ხელოვნების მოყვარულებს წინანდლის მუზეუმში ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

გამოფენის მხარდამჭერები არიან “სილქნეტი” და “სილქ ჰოსფითალითი”. მათი თანამშრომლობით არაერთი კულტურული ღონისძიება გამართულა როგორც წინანდლის ისტორიულ მამულში, ისე სილქ ჰოსფითალითის სხვადასხვა სივრცეში.

წინანდალმა გასულ სეზონებზე უმასპინძლა: აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას, ასევე გრაფიკოსის, ფერმწერისა და თეატრის მხატვრის, კირილ ზდანევიჩის ვერნისაჟს. წარმოდგენილი იყო მოდერნისტი მხატვრის, ვარლას, ნამუშევრები, სცენოგრაფ ირაკლი გამრეკელის დეკორაციები და ლია ბაგრატიონის ინსტალაციები.

წინანდლის ფესტივალის მიმდინარეობისას ისტორიული მამულის საგამოფენო დარბაზი ყოველთვის საინტერესო ექსპოზიციას სთავაზობს ვიზიტორებს.

მუსიკალურ ფესტივალს კომპანია სილქნეტი 2018 წლიდან წარადგენს ისტორიულ მამულში. რიგით მე-8 სეზონი წინანდალში 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სტუმრებს დღის და საღამოს კონცერტებს შესთავაზებს.

(R)