1
სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალი 3–13 სექტემბერს მერვე სეზონს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი უპრეცედენტოდ მასშტაბურია – მასში 300-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია საერთაშორისო სტუმრებისა და ქართველი შემსრულებლების რაოდენობა პროგრამაში.
წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც დაარსების დღიდან ფესტივალის სავიზიტო ბარათად იქცა. წელს ორკესტრში ცხრა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები გაერთიანდებიან. წინანდალი კვლავ იქცევა სივრცედ, სადაც ნიჭიერ შემსრულებლებს პროფესიული თანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO) წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო საორკესტრო პროექტს, რომელიც აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდaნ და უზბეკეთიდან. ორკესტრი 2019 წელს, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პირველი სეზონისთვის შეიქმნა. სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა.
18-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად ცოცხალი მოსმენების საფუძველზე ფესტივალის მენეჯმენტი არჩევს. მონაწილეები ოთხკვირიანი ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წინანდალში, ფესტივალის დაწყებამდე მუშაობენ და პროფესიულ გამოცდილებას იძენენ ლა სკალას საოპერო თეატრის, მეტროპოლიტენ ოპერის, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის, ვენის სიმფონიური ორკესტრისა და სხვა საერთაშორისო წამყვანი მუსიკალური ინსტიტუციების მუსიკოსებისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით. ფესტივალი საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ასრულებს სიმფონიური მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებს.
2026 წლის სეზონზე პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტით წარდგება მსმენელი წინაშე.
3 სექტემბერს ფესტივალის პირველ კონცერტზე მსმენელი სცენაზე იხილავს მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს.
შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და რიმსკი–კორსაკოვის სიმფონიური სიუტა “შეჰერეზადა”.
6 სექტემბრის კონცერტი დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს. შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი და მოდესტ მუსორგსკის / მორის რაველის „სურათები გამოფენიდან“- სოლისტი პინკას ცუკერმანი, დირიჟორი- მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.
9 სექტემბერი – საღამოს კონცერტზე აჟღერდება გვიანი რომანტიზმის ერთ-ერთ უდიდესი შედევრი – გუსტავ მალერის მეორე სიმფონია, „აღდგომა“. ორკესტრთან ერთად სცენაზე ვიხილავთ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს. სოლისტები ხენ რაისი – სოპრანო, ოკა ფონ დერ დამერაუ – მეცო-სოპრანო; დირიჟორი – რაფაელ პაიარე.
13 სექტემბერი – ფესტივალის დასკვნით კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი. შესრულდება: ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, რიხარდ შტრაუსის სიუიტა ოპერიდან „ვარდების კავალერი“ და მორის რაველის ვალსი. სოლისტი – დავით ხრიკული.
მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამული დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. უნიკალური პარკი, მუზეუმი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზები და გამორჩეული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, 3–13 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი მსმენელს 23 გამორჩეულ დღის და საღამოს კონცერტს შესთავაზებს. მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსები და ფესტივალის რეზიდენტი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს კვლავ ააჟღერებს და დაუვიწყარ შთავბეჭდილებებს შეუქმნიან წინანდლის სტუმრებს.
წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მთავარ მისიას – სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას. წინანდლის ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი და უწყვეტი მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია.

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·