„წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე“ – ბავშვთა ჰოსპისი თემურ უგულავას გარდაცვალებას ეხმაურება

2 hours ago 2

სოციალურ ქსელებში თემურ უგულავას გარდაცვალებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მას თანამედროვე თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიხსენიებენ.

მის სახელს საქველმოქმედო საქმიანობაც უკავშირდება – უგულავას გარდაცვალებას გამოეხმაურა ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა / Firefly World“ და აღნიშნეს, რომ მას  განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჰოსპისის შექმნასა და განვითარებაში. მათივე თქმით, ბიზნესმენი წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებს.

“ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით საოცარ ადამიანს, თემურ უგულავას, რომლის სიკეთემ, პროფესიონალიზმმა და დიდმა გულმა ჩვენს ქალაქს არაერთი გამორჩეული შენობა თუ მნიშვნელოვანი პროექტი აჩუქა.

მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ჰოსპისის შექმნასა და განვითარებაში. ის არა მხოლოდ „ციცინათელების ქვეყნის“ აშენების დროს იდგა ჩვენ გვერდით, არამედ წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე, თანამშრომლების კეთილდღეობაზე და ყოველთვის მხარს გვიჭერდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან თანამშრომლობა, მისი მეგობრობისა და თანადგომის განცდა.

გვჯერა, ჰოსპისიდან გაფრენილი და მარადისობაში გადასული პატარა ციცინათელები იქ, ზეცაში, სიყვარულით გაუნათებენ გზას ამ განსაკუთრებულ ადამიანს” – ნათქვამია ჰოსპისის განცხადებაში.

თემურ უგულავას მფლობელობაში არსებული „აჭარა ჯგუფი“ მრავალი გამორჩეული პროექტის ავტორია. მათ შორისაა:

  • Adjara Group
  • Rooms Hotels
  • Stamba Hotel
  • Fabrika

“ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ აჭარა ჯგუფის დამფუძნებელი, თემურ უგულავა, 56 წლის ასაკში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.

წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა.

მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.

ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა.

მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად” – ვკითხულობთ აჭარა ჯგუფის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თემურ უგულავა 56 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

სრულად წაკითხვა