წულუკიანის კომისიას ირაკლი ქადაგიშვილი შეუერთდა

1 week ago 6

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშშაულობს იძიებს და არა მხოლოდ, ახალი წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი შეუერთდა, რომელმაც პაატა სალია შეცვალა. ეს უკანასკნელი აპრილის დასაწყისში „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, რის გამოც მისი ადგილი კომისიაში ვაკანტური იყო.

62 წლის ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის (პარლამენტის პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 2021-2024 წლებში) და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 1992 წელს იგი საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან.

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ირაკლი ქადაგიშვილს კომისიისთვის „ძალიან დიდი შენაძენი“ უწოდა. „მიხარია, რომ ამ კომისიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ, რომელიც დაგვისახა საქართველოს პარლამენტმა“,- მიმართა წულუკიანმა ქადაგიშვილს.

კომისიას თავდაპირველად 2003-2012 წლებში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სავარაუდო სისტემური დანაშაულების გამოძიება ევალებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი უფლებამოსილების ვადა გაფართოვდა და დღემდე მომხდარი მოვლენები მოიცვა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კომისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვისთვის გამოიყენებს. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საბოლოო ანგარიშის შედგენას მეტი დრო დასჭირდება და ოპოზიციის აკრძალვა, რაც ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე იყო დაგეგმილი, არჩევნების შემდეგ „ძალიან მალე“ მოხდება.

„ქართული ოცნების“ კომისიამ უკვე დაიბარა რამდენიმე ოპოზიციური ფიგურა, მათ შორის „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „კოალიციიდან ცვლილებისთვის“ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და ნიკა მელია, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძე, ასევე ყოფილი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, გივი თარგამაძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებმაც უარი თქვეს კომისიის წინაშე გამოცხადებაზე, რადგან 2024 წლის სადავო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ ერთპარტიულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სასამართლომ თითოეულ მათგანს გირაო შეუფარდა 10 000-დან 50 000-მდე ლარის ოდენობით. ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც კომისიის წინაშე წარსდგა, იყო გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომელიც მმართველ პარტიაში ყოფნის დროს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის სასტიკ დარბევაზე გამოკითხეს.

კომისია, როგორც წესი, იმ ადამიანების ჩვენებებს ისმენს, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სავარაუდო ბიზნეს რეკეტის, წამებისა და სხვა სავარაუდო დანაშაულების მსხვერპლნი იყვნენ.

კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხიც წამოწია, რომლის სავარაუდო მიზანიც ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებისა და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება იყო. რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სადავო მოსმენებს, რომლებზეც არმიის გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი ჩვენების მისაცემად დაიბარეს, ფართო საზოგადოებრივი კრიტიკა მოყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა