წუხელ აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს

2 weeks ago 10

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს.

უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით კიდევ 2 პირი დააკავეს, მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.

„დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი“, – აცხადებს შსს.

სრულად წაკითხვა