„ჭიჭინაძე ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით და საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“ - პროკურორი

2 weeks ago 4

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს პროევროპული აქციებისას დაკავებული ექვსი პირის სისხლის სამართლის საქმეს.

გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ითვალისწინებს.

განსასჯელის სკამებზე სხედან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ლუკა ჯაბუა, რულან სივაკოვი, ჯანო ყარჩაია და გურამ მირცხულავა.

28 წლის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბრალზე საუბრისას, პროკურორი ამბობს:

„ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში. 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“.

სხდომის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ასეთ მძიმე დანაშაულს დაადასტურებს:

„რაც წარმოდგენილია, ამის მტკიცებულებები ჯერ არაფერია შიგნით, გარდა იმისა, რაც გავრცელდა, რაღაც ჯოხის მოქნევის კადრი, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა, სად დავარდა, საქმეში არც დაზარალებულია, ფაქტობრივად, არანაირი მტკიცებულება არ არის.

საინტერესოა, რა მტკიცებულებას წარმოადგენენ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაადასტურონ. ანდრო, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, წარმოდგენილ ბრალს სრულად ემიჯნება, ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, ის მხნედაა, საზოგადოებას მადლობას უხდის“, - ამბობს პროკურორი.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.

მათ ნაწილს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა.

სრულად წაკითხვა