თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ანდრო ჭიჭინაძის პროცესის გადადების შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ჭიჭინაძის წინასასამართლო სხდომა 16 იანვრის ნაცვლად 12 მარტს გაიმართება. ხვალ, 10 იანვარს კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებაზე იმსჯელებს.
„პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჭიჭინაძის საქმესთან ერთად განიხილება კიდევ 5 ადამიანის საქმე – ონისე ცხადაძე, რუსლან ცივაკოვი, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა. ყველა მათგანს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა ედება ბრალად.
იმავე საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 8 ადამიანი. მათგან სამს – ვეფხვია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს ძალადობის ორგანიზება და/ან ხელმძღვანელობა ედება ბრალად, დანარჩენი 5-ს – 18 წლის საბა ჯიქიას, 20 წლის გიორგი გორგაძეს, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილის, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და 24 წლის თორნიკე გოშაძეს ამ ძალადობაში მონაწილეობა.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/news/758603/