პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აფასებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის "ქართული ოცნების" ლიდერების მცდელობა, ლეგიტიმაცია მიანიჭონ 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს და პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, უარი თქვან წინასწარ გაცხადებულ პოზიციაზე და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
გაერთიანების,"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია".
საუბარია 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელში მონაწილეობის მზაობაც გამოხატული აქვს "ლელოს", საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან ერთად.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალება "სასიხარულო ამბავია", მაგრამ ყველას კარგად ესმის, "რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება".
"არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია. მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს: მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მიესალმებიან "ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები".
ამასთან, ცისკარიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით, მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ პოლიტიკოსები ციხეში არ იქნებიან. მათ შორის მან იგულისხმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს. ჯერ ერთი, ეს არანაირი არჩევნები არ არის, დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება, მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი, ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი“, - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების საფუძვლად დაასახელა ის, რომ "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება."
პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "კონკრეტულად პოლიტპატიმარ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებად წოდებული ფარსის თუნდაც მოჩვენებითი ლეგიტიმაცია საზოგადოების მცირე ნაწილშიც კი". ჩერგოლეიშვილი მოუწოდებს "ლელოს", დაუბრუნდეს "ერთობის რაციონალურ გზას" და "ხელი აიღოს ქართველი ხალხის მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა".
მოგვიანებით ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა"ლელოს" ლიდერების გათავისუფლებას "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ლიდერი გიორგი გახარია.
მან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლება მოულოცა, მხნეობა და მალე გათავისუფლება უსურვა "ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" და აღნიშნა, რომ "სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო".
"ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის - განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს! ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!”- დაწერა გიორგი გახარიამ.
ყაველაშვილის შეწყალების აქტი მედიასთან შეაფასეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც. პარტიის მერობის კანდიდატისა და მოქმედი მერის, კახა კალაძის თქმით, ეს "ჰუმანური აქტია. მან შეიწყალა ორი დამნაშავე". მანვე თქვა, რომ "უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ".
კალაძემ უპასუხა შეკითხვას, რომ მიუხედავად ყაველაშვილის შეთავაზებისა, პოლიტიკოსებს მისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად ნიშნავს თუ არა ეს მათი ნების საწინააღმდეგოდ შეწყალებას.
"რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ [იწყალებს]?! თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ აძალებს. პრეზიდენტს აქვს ამის უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ახსნა, თუ რა არის მიზანი. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ძალიან მარტივია“, - თქვა კალაძემ.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულმა "ლელოს" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა ყაველაშვილის შეწყალების აქტი შეაფასა, როგორც ყაველაშვილისა და "ქართული ოცნების" მიერ მოფიქრებული "ჩათლახობა", რომელიც, მისი თქმით, ემსახურება მიზანს, რომ „გაგვაბანძონ“ და "ტალახი გვესროლონ".
მანვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ - "არჩევნებში „ქართული ოცნება“ უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ, ახლა უფრო ომახიანად".
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა, რომ შეიწყალა "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
ისინი ციხეში სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღმოჩნდნენ, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად.
კომისია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალების შემდეგ ციხეში რჩებიან სხვა ოპოზიციური ლიდერები: ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ასევე პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
პარტია "ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს დააკავეს - მათ გირაო გადახდილი ჰქონდათ და საბოლოო განაჩენს, 8-თვიან პატიმრობას, პარტიის ოფისში დახვდნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა, მიემართათ შეწყალების მოთხოვნით, რომელიც დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებდნენ.
რომ არა ყაველაშვილის შეწყალება, მათ საპატიმროში ყოფნის ვადა 2025 წლის 23 თებერვალს ეწურებოდათ - თვითმმართველობის არჩევნების თარიღიდან 5 თვის შემდეგ.
2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიებიდან "ლელოს" გარდა, მონაწილეობს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაც - თბილისში მერის პოსტზე ამ ორ პარტიას საერთო კანდიდატიც კი ჰყავს, ირაკლი კუპრაძე.