„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის

1 week ago 3

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი - „ხალხის ძალა“ - აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყოფა და „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ.

„სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა.

შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით.

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ 2024 წელს „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა არჩევნებში. სიაში იყვნენ:

  1. სოზარ სუბარი;
  2. მიხეილ ყაველაშვილი;
  3. დიმიტრი ხუნდაძე;
  4. გურამ მაჭარაშვილი;
  5. ირაკლი ბერაია;
  6. ეკა სეფაშვილი;
  7. ზაალ მიქელაძე;
  8. ვიქტორ ჯაფარიძე.

საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ პარტიიდან დაასახელა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური რიტორიკით, მათ შორის თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს.

მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.

სრულად წაკითხვა