„ხალხის ძალა“ ფსევდოოპოზიციას ქმნის

1 week ago 2

„ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას”, — განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც უნდა ედებატოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას რადიკალური შევარქვით, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ ,„ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ სურს იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის“, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალა“ დააფუძნეს პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა 2022 წლის აგვისტოში და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.

„ხალხის ძალა“ იყო მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებდა კანონპროექტი, რომელიც თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს. ეს კანონპროექტი ერთი წლის მერე პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და მიიღეს.

„ხალხის ძალამ“ 2024 წლის 18 მარტს განაცხადა, რომ პარტიად ფუძნდებოდა, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ კვლავ „ქართული ოცნების“ სიით იყარეს კენჭი.

სრულად წაკითხვა