ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – TI

2 weeks ago 9

2

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერილს აქვეყნებს:

„დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. დაკავებულთა ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.

დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ. მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: “ტრაკში გაგთხრით დუბინკას”, „მოწონდათ გვარამია და ხაზარაძე?”, “შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან”.

ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო.

მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.

ვგმობთ ამ არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და მოვითხოვთ თითოეული დანაშაულის მყისიერ გამოძიებას.“

სრულად წაკითხვა