„სარკე“
ორსულად ვარ, ვცდილობ, ბავშვზე ვიზრუნო, არ ვინერვიულო, მაგრამ დედამთილი მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მაძლევს. უკვე მერვე თვეში ვარ და მთელი ეს პერიოდი მუდმივად ცდილობს, რაღაც გამოძებნოს ისეთი, რაც ნერვებს მომიშლის. ჩემს თავს სულ ვუმეორებ, ყურადღება არ მივაქციო, რადგან ამ დროს ბავშვი ძალიან მოძრაობს ხოლმე მუცელში, თითქოს მაგრძნობინებს, რომ თვითონაც განიცდის, მაგრამ ყველაფერზე თვალებს ვერ ვხუჭავ. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ იქნებ ჩემი შვილი სულაც არ უნდა.
მესამე წელია, რაც გათხოვილი ვარ და პირველ შვილს ველოდები. მეგონა, ყველა გამიფრთხილდებოდა, რადგან ნანატრი ორსულობაა, მაგრამ ქმარმაც კი ის მითხრა, შენი პრეტენზიებით ნუ შეგვჭამეო.
ერთხელ დედამთილმა დიდ ლეიბს წამოავლო ხელი და რომ გაჰქონდა, იყვირა, არიქა, ხელი მოკიდე, ვერ ვერევიო. მეც ინსტინქტურად მივვარდი და იმ სიმძიმე ლეიბი აივანზე გავატანინე. მერე გამახსენდა, რომ მძიმის აწევა არ შეიძლებოდა ჩემთვის და, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვინერვიულე. ზოგჯერ ეჭვები მიპყრობს, იქნებ არც უნდოდა, შვილი გამეჩინა. თავისი გოგო რომ ორსულად იყო, იატაკის მოწმენდასაც კი უკრძალავდა, რამე არ დაგემართოსო და მე ადამიანი არ ვარ?!
ქმარს ვუთხარი, უკვე დროა, ბავშვის ნივთები ვიყიდოთ და ჩასაცმელებიც, რაც სამშობიაროშიც დაგვჭირდება პირველ დღეებში-მეთქი. დედამთილმა რაღაც გადაუჩურჩულა, წავიდნენ და საღამოს ჩემი მულის შვილის ნივთებით და ტანსაცმლით დაბრუნდნენ. ძალიან მეწყინა და ავტირდი.
განა იმ ყველაფერს ვიწუნებ ან არ ვკადრულობ, მაგრამ ზოგი ისეთი დალაქავებულია, ისინი რატომ უნდა ჩავაცვა?! განა რამდენი ტანსაცმელი დასჭირდება ბავშვს, რომ ახალი ვერ ვუყიდოთ?! ჩემს ქმარს ნორმალური შემოსავალი აქვს და არ შეიძლება, შვილს უყიდოს რამე?! დედამთილი მეუბნება, იმდენ რამეს აჩუქებენ ბავშვს, თქვენი ყიდვა რაღად უნდაო. სხვების გემოვნებით ნაყიდი რად მინდა? ჩემს შვილს მე და მამამისმა უნდა ვუყიდოთ. მითხარით, არასწორად ვამბობ რამეს? ასე არ არის?
„სარკის“ ერთგული მკითხველი