ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს – პრეზიდენტი

2 months ago 43

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს გაეროს ქალთა კომიტეტის რეკომენდაცია და ხანუმ ჯეირანოვას შვილებს ბოდიში მოუხადოს. ზურაბიშვილმა დასძინა, რომ ბოდიშის მოხდა მისი, როგორც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, ამბობს, რომ “ეს სიმბოლური ნაბიჯი” სახელმწიფომ უნდა გადადგას.

“მე მინდა გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, ქალბატონ ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელიც 10 წლის წინ, ბავშვების თვალწინ სასტიკად მოკლეს. მას შემდეგ, რაც “საფარმა” ხელი მოკიდა ამ საქმეს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის გაეროს კომიტეტმა განიხილა ეს საქმე და 2021 წელს 3 რეკომენდაცია გასცა. 3 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და მთავარი, ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეების დასჯა იყო და 2023 წელს, სასამართლომ განაჩენი თითქმის, 10 წლის თავზე გამოიტანა, მაგრამ, ძალიან მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ შესაძლო ეს დანაშაული გამოევლინა და დაესაჯა; მეორე რეკომენდაცია კომპენსაციას ეხებოდა და კომპენსაციის ოდენობაც განისაზღვრა;

მესამე რეკომენდაცია, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მინდა, ამ დანაშაულის გამო სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვების წინაშე ბოდიში მოხდაა. მე ამის კომპეტენცია არ გამაჩნია, რომ ამ ბავშვებს ბოდიში მოვუხადო, ეს არ შედის ჩემს კონსტიტუციურ უფლებებში, მაგრამ მე, თქვენთან ერთად, შემიძლია ვისურვო და მჯეროდეს, ეს ბოლო ნაბიჯიც გადაიდგმება, მართალია, ეს სიმბოლურია, მაგრამ ეს სიმბოლური ნაბიჯი ძალიან სერიოზული გზავნილია ყველასთვის, ვინც შესაძლოა, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ ღირსების შელახვა და ასეთი სასტიკი დანაშაულები ყურადღების გარეშე არ დარჩება. ეს ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა და ამდენად, ჩვენი საზოგადოება ამაზე უნდა რეაგირებდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 8 მარტს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამბალოში მცხოვრები 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. ორი დღით ადრე, 16 სექტემბერს მას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და სოფლის ცენტრში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარს შეესწრნენ ჯეირანოვას არასრულწოვანი შვილებიც. წლების განმავლობაში მომხდარზე სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა.

2018 წელს “საფარმა” ჯეირანოვა საქმე გაეროს ქალთა კომიტეტს მიმართა. კომიტეტმა გადაწყვეტილება 2022 წელს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”.

გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის ბოდიში მოეხადა და სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ საქმის წარმოება განახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მომხდარიდან 8 წლის შემდეგ დააკავეს ჯეირანოვას თანასოფლელი 5 კაცი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ე და ვ ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. დაკავებულთაგან ხუთს სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მე-6 კი ნაფიცმა მსაჯლუბმა გაასამართლეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000 ლაროს გადახდა დააკისრა. ჯეირანოვას შვილებს სასამართლოში “საფარი” წარმოადგენდა, მოპასუხე მხარე კი ფინანსთა სამინისტრო იყო. უწყებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და “ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით” კომპენსაციის თანხის შემცირება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება და საბოლოოდ, სახელმწიფოს მაინც მოუწია ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა.

გაეროს ქალთა კომიტეტის გადაწყვეტილების მესამე ნაწილი – ბავშვებისთვის ბოდიშის მოხდა, ამ დრომდე შეუსრულებელია.

სრულად წაკითხვა