ხარაგაულის სოფლებში კვლავ გააქტიურდა მეწყერი

2 days ago 1

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში კვლავ გააქტიურდა არსებული მეწყერი.

„მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე. დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას“, - წერია სააგენტოს მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა "მთის ამბების" ინფორმაციით, მდინარე ყარნება გუბდება და ჩხერიმელას აღარ უერთდება. დიდი მოცულობით წყლის დაგუბებისა და გამოხეთქვის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება სოფლებს ლაშეს, ძირულას და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალს, - უთხრეს ადგილობრივმა „მთის ამბებს“.

ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ორი თვის წინაც გააქტიურდა. მაშინ სოფლები მოინახულეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

„მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება, - ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა მაშინ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის​ აპარატმა.

უბედური შემთხვევების გამორიცხვის მიზნით უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიყვანეს მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეები.

„ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები“, – ნათქვამი იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის​ აპარატის მიერ 2025 წლის 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა