ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, დიპლომატი თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის სრულად უჭერს მხარს მოქმედი დიპლომატებისა და საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას რომლითაც ისინი ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას.
ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებას მალე შეუერთდებიან ისინიც, ვინც ახლა ყოყმანობს.
“სრულად ვუჭერ მხარს მოქმედი დიპლომატებისა და საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას, რომლითაც ისინი ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
ხელისმომწერთაგან ბევრი ჩემი უმცროსი კოლეგა თუ სტუდენტი იყო, ვისთან ერთადაც, სამი ათწლეულის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, უამრავი სირთულის მიუხედავად და დიდი ძალისხმევის ფასად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ურთულეს გზაზე წინ მივიწევდით. დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატთა პირველი თაობაც.
ხელისუფლების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ჩემდა სამწუხაროდ, ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ევროპისაკენ, რასაც დიპლომატების რამდენიმე თაობამ პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, მინისტრებთან, სხვა საჯარო მოხელეებთან და, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ათწლეულების შრომისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია.
ეს ჩემთვის ახლა განსაკუთრებით მძიმე სანახავია.
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ დიპლომატებს და იმედი გამოვთქვა, რომ განცხადებას მალე შეუერთდებიან ისინიც, ვინც ახლა ყოყმანობს.
მეგობრებო, სწორედ ახლაა დრო, თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროთ! არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფასად!” ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.