ხელოვნური ტაში აქციაზე? – ორგანიზატორი უარყოფს [ვიდეო]

2 weeks ago 9

29 აპრილს, შუადღით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონტრაქციის სამზადისის პარალელურად, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორის თქმითაც, რუსთაველზე ხმის შემოწმებისას დინამიკებიდან წინასწარ ჩაწერილი მასშტაბური ტაშის ხმა ისმის.

ამ ვიდეომ გააჩნა განცდა, რომ აქციის ორგანიზატორები აპირებენ დემონსტრაციაზე შიგადაშიგ ტაშის იმიტაციის შესაქმნელად დინამიკები გამოიყენონ.
ნეტგაზეთი ბაკურ ბაკურაძეს დაუკავშირდა, რომელიც პარლამენტის წინ მთავარი სცენის ტექნიკურ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით ბრალდება, რომ ხელისუფლების აქციისთვის ხალხის ტაში წინასწარ არის ჩაწერილი, სასაცილო ტყუილია.

“ძალიან სასაცილო ისტორიაა. ახლა გამოსული ვარ. ყველაფერი გავასწორეთ, გავაწკრიალეთ და მზად არის. კომპიუტერი ცარიელია. ფიზიკურად არ არსებობს ახლა არანაირი ჩანაწერი. როდესაც პოლიტიკური შოუ კეთდება, 10 000-ჯერ უფრო სერიოზულად ვამოწმებ მე პირადად. საავტორო ამბავია ბოლოს და ბოლოს. არის ახლა ჩართული ფლეილისტი, ავტორებთან შეთანხმებით. გამორიცხულია, რომ იქ რამე სხვა ჩანაწერი იყოს”, – ამბობს ბაკურაძე.


რუსთაველის გამზირზე სამი კვირაა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 29 აპრილს კი კონტრაქციას მართავს „ქართული ოცნება“.

„ოცნების“ კონტრაქციაზე საჯარო მოხელეები და სკოლის პედაგოგები დღეს, 29 აპრილს წაიყვანეს სპეციალურად დაქირავებული ავტობუსებით.

მასწავლებლების ნაწილმა უარი თქვა მარშში მონაწილეობაზე და იმის ნიშნად, რომ ისინი დღეს გაკვეთილზე არიან და არა სახელისუფლებო აქციაზე, კლასში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.

დილიდან პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განხილვიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

სრულად წაკითხვა