26
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
🇩🇪 ორი კვირის წინ მთელი გერმანია შეაშფოთა ულტრამემარჯვენე ძალების ტრიუმფმა საქსონია-ანჰალთში.
ნეოფაშისტების აღმასვლის შეჩერებას დიდი ტრანსფორმაციები დასჭირდება, დღეს და ხვალ მდინარე კალაპოტში ვერ ჩადგება, მაგრამ იმედის ნაპერწკლები მიწისძვრის დასრულებისთანავე ჩნდება.
დღეს გერმანიაში იმედს ქალის სახე აქვს, დღეს გერმანელი მემარცხენეების იმედს ორი ქალის თავგანწირული ბრძოლა ქმნის.
🔴 პირველად გერმანიის ისტორიაში ბერლინის მერი შეიძლება გახდეს პარტია Die Linke-ს წარმომადგენელი. დიდი ალბათობით დედაქალაქის მთავრობას სათავეში ჩაუდგება 45 წლის ახალგარზრდა ქალი – ელიფ ერალპი.
ელიფის მშობლები თურქეთიდან 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გამოიქცნენ. სოციალისტ ექიმსა და პროფკავშირელ ჯანდაცვის მკვლევარს ქენან ევრენის ხუნტისგან საფრთხე ელოდათ.
ელიფი მიუნხენში, დევნილთა თავშესაფარში დაიბადა. ოჯახმა უმძიმესი პერიოდი გაიარა, სამშობლოდან ლტოლვილ მიგრანტებს უცხო ქვეყანაში ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, სამუშაო ადგილის ძებნა, სიღარიბის მარწუხებისგან თავის დახსნა. ელიფის მშობლებმა ბოლოს მაინც მოახერხეს ფეხის მოკიდება და ჰამბურგში დასახლდნენ.
დედაქალაქელი მემარცხენეების მომავალმა ლიდერმა შესანიშნავი იურიდიული განათლება მიიღო, მუშაობდა ჰამბურგის სასამართლო სისტემაში, გაეროს წარმომადგენლობაში, დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის გამოცდილებაც აქვს, 2010 წლიდან კი ბუნდესტაგში, Die Linke-ს ფრაქციაში იწყებს საქმიანობას. მალევე ხდება პარტიის წევრი, 2021 წელს აირჩიეს ბერლინის დეპუტატთა პალატის წევრად, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ. დღეს კი უკვე მერობის კანდიდატია.
ძალიან შთამბეჭდავია Die Linke-ს ბერლინის ორგანიზაციის პროგრამა.
➡️ ბერლინის მთავარი პრობლემა საბინაო პოლიტიკაა. ქალაქში საცხოვრებლის მწვავე დეფიციტია, მაღალია ბინის ქირა, საბინაო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი უძრავი ქონების მსხვილი კონცერნების ხელშია თავმოყრილი. Die Linke ემხრობა საბინაო ბაზრის რეგულირებას, ქირის ზედა ზღვარის, ჭერის დაწესებას, ბინის ქირის არალეგალური ზრდის კონტროლს, უძრავი ქონების მსხვილი კონცერნების საზოგადოებრივ საკუთრებაში გადაცემას, კომუნალური ბინათმშენებლობის წახალისებას.
➡️ განახლება სჭირდება ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს. ელიფი სისტემაში ახალი სახელმწიფო ინვესტიციების ჩადებას ემხრობა, მხარს უჭერს ახალ უბნებთან დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობას, სპეციალური შეღავათიანი სამგზავრო ბარათების დაწესებას სოციალური და კლიმატის მიზნებისთვის.
➡️ ბერლინის ცენტრისთვის დიდი თავისტკივილი გახდა ნაგავი. ელიფს მთელი ხედვა აქვს შემუშავებული ბერლინის მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის რეფორმისთვის.
➡️ Die Linke-სთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჯანსაღ საკვებზე ფასების ზრდა და ადამიანთა მარტოსულობაა. ისინი მხარს უჭერენ ყველა უბანში ერთი სათემო ცენტრის გახსნას, სადაც ადამიანები სასიამოვნო გარემოში შეხვდებიან ერთმანეთს და 3 ევროდ მიირთმევენ ერთ ულუფა გემრიელი საკვებს.
…
🐻 ბერლინს ორი არჩევანი აქვს ან წითელ-წითელ-მწვანე კოალიცია მოვა ხელისუფლებაში ან “კენია” (ქრისტ.დემოკ, სოცდეკ., მწვანეები). იმედია, პროგრესული ქალაქი პროგრესული ერთობის მხარეს დადგება.
—
🔴 დღეს არჩევნები იმართება გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთშიც, მეკლემბურგ-წინა პომერანიაში.
➡️ ბოლო ერთი თვეა ამ მიწაზე პატარა სასწაულს ვაკვირდებით – თავდაპირველად გამოკითხვებში 10-12%-ით წინ იყო გაჭრილი ნეოფაშიტური AfD, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა მის გადასწრებას ცდილობს სოციალ-დემოკრატიული პარტია. სოცდეკები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ AfD-ს, უკანასკნელი კვლევებით SPD უკვე პირველ ადგილზეა.
➡️ სოციალ დემოკრატების საყოველთაო კრიზისის ფონზე ყველას უკვრის, თუ რამ განაპირობა SPD-ს ძლიერება ჩრდილო-აღმოსავლეთით. პარტიის გამარჯვების შანსს მიწის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ქმნის.
ამ ქალის სახელთან არის დაკავშირებული უფასო საბავშვო ბაღების შემოღება, ახალი სკოლების მშენებლობაში ჩადებული მილიარდები, 15 ევროიანი მინიმალური ხელფასი, რეცესიაში მყოფ გერმანიაში მაღალი ეკონომიკური ზრდა და ა.შ.
➡️ შვეზიგი ერთ დროს გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი იყო, აქვს ფედერალურ მთავრობაში მუშაობის გამოცდილება, სახელი გაითქვა თავის დაავადებაზე ხმამაღალი საუბრით და მისი დამარცხებით… ერთი სიტყვით, მანუელა ფიგურაა და თუ გაიმარჯვა, შეიძლება SPD-ს მომავალი ლიდერი და კანცლერობის კანდიდატიც გახდეს.
➡️ მისი ბიოგრაფიის ლამის ერთადერთი წინააღმდეგობრივი ამბავი “ჩრდილოეთის ნაკადს” უკავშირდება. მანუელა, როგორც ღარიბი აღმოსავლეთ გერმანული მიწის ლიდერი, უკრაინის ომის დაწყებამდე მხარს უჭერდა მისი ლანდის ეკონომიკისთვის დიდი მოგების მომტანი პროექტის ამუშავებას.
***
მოკლედ, ხვალ გერმანიაში წესით და რიგით კარგი დღე გათენდება.
საერთაშიროსო alia.ge