დაბადების დღის ცენტრებში ყველაფერი კაშკაშებს. მკაფიო ვარდისფერი, ყვითელი, ლურჯი, სალათისფერი - ბავშვების ყურადღებას ადვილად იქცევს. ნეონისფერი განათება თვალს გჭრის. ყველა მხრიდან მოციმციმე შუქები და ლაზერებია. პრიალა იატაკი სინათლეებს ირეკლავს.
სადღესასწაულო ცენტრები, როგორც წესი, რამდენიმე ზონადაა დაყოფილი - მთავარ დარბაზში, რომელიც ყველაზე დიდი სივრცეა, დაბადების დღის წვეულებაზე მოსული ბავშვები იყრიან თავს და პროგრამაც იწყება. აქ არის წამყვანი მიკროფონით ხელში და კოსტიუმებში გამოწყობილი ზღაპრის პერსონაჟები. ტელეფონმომარჯვებული მშობლებიც აქ არიან.
ცენტრის ერთ მხარეს ფერადი ბურთებით სავსე „აუზია“, სასრიალოები, ზოგან ბატუტი. ხან ბრჭყვიალა წვიმა მოდის, უცებ სცენაზე ფერადი კვამლი გამოდის. ბავშვები დახტიან. დარბიან. ერთმანეთს ეჯიბრებიან. როგორც წესი, იუბილარი იმარჯვებს. გაბმულად ისმის წამყვანის ხმა მიკროფონში. მერე ტორტის ანთებენ, სანთლების აქრობენ, საჩუქრებს გადასცემენ.
კარტოფილი ფრიც ადგილზეა, გაზიანი სასმელებიც, პიცაც. მერე ფოტოები და ასე გადის ორი საათი.
თითქოს უჩვეულო არაფერია - საქართველოში ათობით ასეთი ცენტრია.
როგორც ამ ცენტრების მფლობელები ამბობენ, „მოთხოვნა სწორედ ასეთ გართობაზეა - ფერად, ხმაურიან, კაშკაშა და „დრაივიან“ პროგრამაზე“.
ძალიან იშვიათად, მაგრამ ალაგ-ალაგ მაინც არსებობს ისეთ გასართობი ცენტრები, რომლებიც დაბადების დღის წვეულებას პარკში, ბუნებასთან ახლოს აწყობენ. ასეთი წვეულებების ფოტოებზე მოჩანს ხის სათამაშოები, ხატვის, ძერწვის პროცესი, სადღესასწაულოდ გაბმული ფერადი დროშები, საპნის ბუშტები… აქაც ყველა ბედნიერი ჩანს.
ბაოს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე - 8 წლის გახდა და დაბადების დღეც ერთ-ერთ სადღესასწაულო ცენტრში გადაუხადეს. მისი დედა, გურანდა ფაჩულია გვიყვება, რომ საგანგებოდ არჩევს ხოლმე ისეთ ადგილს, სადაც არ არის გამაყრუებელი ხმაური და სადაც გარემო შშმ ბავშვებზეა მორგებული. ბაო - დამოუკიდებლად ვერ დადის.
"ვყოფილვარ ისეთ ადგილებში, სადაც ბაო ვერც კი შეუმჩნევიათ, როცა ყველა დარბოდა და თამაშობდა. ეს კი ერთ ადგილას იჯდა და დამოკიდებულებაც ასეთი იყო - „ვერ დადის და იჯდეს“. ესეც არაერთხელ გამიპროტესტებია... ამიტომ ახლა ყოველთვის წინასწარ ვუხსნი ყველაფერს".
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია მოჰყვა ინკლუზიური განათლების სპეციალისტის, თიკო გობაძის საჯარო სტატუსს, სადაც ამბობდა, რომ გასართობი ცენტრების უმრავლესობა ბავშვის განვითარებაზე კი არა, მშობლის დროის ან სოციალური მოლოდინების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
თიკო წერდა, რომ ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი, 3-6 წლის ასაკის პატარებისთვის, ეს გარემო ხშირად ფსიქოლოგიურად, სენსორულად და ფიზიკურად ძალიან გადატვირთულია - ბავშვები ღიზიანდებიან, ტირიან, აღგზნებულები ხდებიან, ან სულაც ითრგუნებიან.
ამ თემის საჯაროდ განხილვის სურვილი თიკო გაბოძეს მას მერე გაუჩნდა, რაც ერთ დღეს თავისი ხუთი წლის მოსწავლის დაბადების დღეზე აღმოჩნდა.
„ვუყურებდი ამ ბავშვის ხან ბედნიერ, ხან გაოცებულ, ხან შეშფოთებულ სახეს. მისი ემოციები უსწრაფესად იცვლებოდა. ბავშვები შემოცვივდნენ? შეიცვალა. უცებ მაშხალები გაუშვეს - შეეშინდა. საიდანღაც სპაიდერმენი გამოვარდა, კიდევ სხვა ემოცია ჰქონდა... მერე შეჯიბრები იყო, ვატყობდი, არ მოსწონდა. მერე ფოტოების გადაღება დაიწყო და ეუბნებოდნენ, გაიღიმე! ბავშვი ვერ ხვდებოდა, რატომ“.
თიკო გაბოძისთვის, განგაშის სიგნალი მაშინ ჩაირთო, როცა დარწმუნდა, რომ სადღესასწაულო ცენტრები ერთმანეთისგან მიჯნავენ ბავშვის გართობას და განვითარებას.
„დარწმუნებული ვარ ასეთ ცენტრებს, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იხსნება, ბავშვის განვითარების საკითხზე არანაირი კომპეტენცია არა აქვთ... არადა, ხშირად, ერთი საათიც კი გადამწყვეტია ამ ასაკში სწორად განვითარებისთვის. რომ ასეთ სივრცეში მისვლისას ტვინი სწორად სტიმულირდეს. არ გადაიტვირთოს, ნერვული სისტემა არ დაიძაბოს და ამდენი სტიმულით არ გადაიწვას“.
თაკო ამბობს, რომ პატარებს, 2-3 წლიდან ექვს წლამდე ბავშვებს ასეთ ცენტრებში უნდა დახვდეს:
- პასტელური ფერები;
- სადა კედლები;
- დაბალი, გემოვნებიანი მუსიკა;
- წამყვანები, რომლებმაც ცოტა რამ მაინც იციან ბავშვთა ქცევაზე;
- იციან, როგორ შეაქონ პატარები და როგორ არ;
- დაიცვან მათი პირადი სივრცე.
„თავად შევესწარი, ბავშვს, რომელსაც რომელიღაც ფეხბურთელი მოსწონდა, ყველას თვალწინ როგორ გახადეს ტანსაცმელი და იქვე გადააცვეს ეს ფორმა... თითქოს არაფერი ხომ? არავის უფიქრია, როგორ დაირღვა ბავშვის პირადი სივრცე... არავინ ფიქრობს, მას რა მოსწონს. უნდა კი ამდენი ფოტოს გადაღება? უნდა ძალით გაიცინოს?
აღარაფერს ვამბობ საკვებზე: იქაც რომ კარტოფილის ჩიფსებს ახვედრებ... ანუ რასაც ექვს წლამდე ბავშვის ტვინში სიგნალის სახით ვუშვებთ, სწორედ იმაზე ვხდით დამოკიდებულს - ასეთ სივრცეზე, ასეთ გართობაზე, ასეთ საკვებზე. რომც არ მოსწონდეს და ცუდად გრძნობდეს თავს, ის დამოკიდებული ხდება ამ ყველაფერზე და აღარ ებრძვის“, - გვითხრა თიკო გაბოძემ.
მის მიერ წამოწყებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში ათასზე მეტი კომენტარი მოჰყვა. მშობლები ორად გაიყო - ნაწილი წერდა, რომ მათი შვილები ასეთი ცენტრებიდან ბედნიერები და გახარებულები ბრუნდებოდნენ, უმრავლესობა კი ამბობდა, რომ დიდი ხანია ეს საკითხი აწუხებს.
აი, რამდენიმე გამოხმაურებაც:
• როცა ბავშვს დღეობებზე მივყვები, წინასწარ ვემზადები ტანჯვისთვის, რომელიც ორი საათი გრძელდება, მე ზრდასრული ისე ვიღლები, არ ვიცი სად შევეფარო თავი იმ ხმაურს და გნიასს, რაც იქ ხდება… ამ ბოლო დროს გამიმართლა და ისეთ ცენტრში აღმოვჩნდი , სადაც ოთახია თავისუფალი და იქ ვისვენებდი სანამ დასრულდებოდა აურზაური.
• ჩემი შვილი თვეობით ელოდება მის დღეს. უბედნიერესია მეგობრებს რომ ეპატიჟება. თვითონვე მთხოვს ცენტრში გადახდას და, რა თქმა უნდა, მუდამ ავუსრულებ ამ ბედნიერებას იქამდე, სანამ თვითონ აღარ მოისურვებს. 5 წლის არის.
• ჩემი 6 წლის შვილი ყოველთვის აპროტესტებს გასართობი ცენტრის პროგრამაში მონაწილეობას… როგორც კი ახსენებენ შევეჯიბროთ ერთმანეთსო, ეგრევე ტირილით ეთიშება თამაშს.
• რამდენიმე დღის უკან ვიყავით ერთ-ერთ გასართობ ცენტრში. ცალკე კუთხეში ისხდნენ ჩემი 5 წლის ტყუპები და ყურებზე ჰქონდათ ხელები აფარებული, მერე დერეფანში გავედით და იქ ვიყავით სანამ შოუ არ დამთავრდა. მთელი დღე გაღიზიანებულები იყვნენ და ტიროდნენ ყველაფერზე.
• ჩემი სამი წლის შვილი ძალიან ბედნიერია ცენტრის დაბადების დღით. აღფრთოვანებული ჰყვება თავის სტუმრებზე, ყველას იცნობს რასაკვირველია, პერსონაჟებზე, რომლებიც მოწვეული გვყავდა… ძალიან კარგად ერთობა ხოლმე.
"დაუწიეთ ხმაურს, მაქსიმალურად გამორიცხეთ მიკროფონები, შეარჩიეთ მუსიკა" - ეს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციაა, რაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაასახელა ფსიქოლოგმა, ინკლუზიური განათლების კიდევ ერთმა სპეციალისტმა ცირა ბარქაიამ, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში ლაპარაკობს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პატარების ტვინზე მსგავს გართობას:
„და ეს არ არის მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ორსაათიანი გართობა, როცა ბავშვი თავადაა იუბილარი, ის, ასეთ დაბადების დღეზე, შესაძლოა, წელიწადში ოცჯერაც კი მოხვდეს“.
სადღესასწაულო ცენტრების წარმომადგენლები ამ საფრთხეებს გადაჭარბებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის, ორი საათი, რასაც ბავშვები მათთან ატარებენ, დაუვიწყარ მოგონებად რჩებათ და მშობლებს დაბრუნებას სთხოვენ.
რადიო თავისუფლება ესაუბრა გიორგი მთიულიშვილს, რომელიც ბავშვთა ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, თავადაც არაერთი ასეთი ცენტრის მფლობელი და თან წამყვანიცაა.
მან გვითხრა, რომ გასართობ ცენტრებში, პროგრამა ასაკის მიხედვით იწერება და განსხვავებულია 2-დან 5 წლამდე, 5-დან 8 წლამდე და 8-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის.
„პატარებს სიჭრელე იზიდავთ და ამას ვთავაზობთ, ცოტა დიდებს - ენერგიის დახარჯვა უნდათ და ამისთვის მოდიან, ცოტა მოზრდილებს უფრო გონებრივ თამაშებს ვთავაზობთ - მათთან ნეონის განათება და ლაზერებიც გამოიყენება, ასევე ჩამუქებული სივრცე, დისკოთეკის ეფექტი. მუსიკაც შესაბამისია“.
პროგრამები იწერება ცალკე ბიჭი, ცალკე გოგო იუბილარებისათვის. თუ რომელიმე პოპულარული მულტფილმი გამოდის ეკრანზე, ის აუცილებლად ერგება ცენტრის პროგრამას.
ხანდახან წამყვანს 20 ან 30 ბავშვის გართობა უწევს. ასეთ დროს ხმაურის გარეშე და უმიკროფონოდ მუშაობა, როგორც გიორგი ამბობს, წარმოუდგენელია.
„ძალიან ხშირად მშობლები თავად გვეუბნებიან, რომ უნდათ „ექშენი“. იქ მოსული 30 ბავშვიდან, დავუშვათ, ერთს არ უნდა ასეთი გართობა, რა უნდა ვქნათ? იმ ერთზე ხომ ვერ ავეწყობით? თუმცა, მშობელს ყოველთვის შეუძლია რამე შეცვალოს: თუ მოეჩვენა, რომ ზედმეტი ხმაურია, გვითხრას და შევცვლით. თუმცა, წარმოიდგინეთ, მოვიდა 30 ბავშვი, მოჰყვა ამდენივე მშობელი. ბავშვები ხმაურობენ, ყვირიან. მშობლებიც ლაპარაკობენ, ბავშვები ხმას უწევენ, მშობლებიც ხმას უწევენ - როგორ შეიძლება 60 ადამიანის ლაპარაკი გადაფაროს ერთმა წამყვანმა უმიკროფონოდ? თუ ეს ვინმემ იცის, გვასწავლეთ და ასე მოვიქცევით”.
გიორგი მთიულიშვილი იხსენებს რამდენიმე უმიკროფონოდ წაყვანილ დაბადების დღეს, თუმცა, ამბობს, რომ ეს ძალიან რთული და რაც მთავარია, წამყვანის ხმის იოგებისთვის არის სარისკო: “ისედაც, ამ სფეროში წამყვანების მუშაობის ვადა, მაქსიმუმ, ათი წელია”.
როცა გიორგი მთიულიშვილს ცენტრების საკვების მენიუზე დავუსვით კითხვა, როგორ ადგენენ ამ მენიუს, რა შედის მასში და ვინ აკონტროლებს, მან ერთი ასეთი ფრაზაც გვითხრა:
“იცით, რომ მშობლები კომპოტზე ხშირად კოკა-კოლას უკვეთენ ჩვენთან? რა გავაკეთოთ?”
საკვების ხარისხს, გასართობ ცენტრებში, სადაც საჭმელი ადგილზევე მზადდება, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს:
“ლამის ყოველდღე მოდიან”, - ამბობს გიორგი მთიულიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროში ვიკითხეთ, თუ არსებობს რაიმე დადგენილი სახელმწიფო სტანდარტი, როგორი უნდა იყოს გასართობი ცენტრის საკვების მენიუ ან თუ არსებობს კონკრეტულად ასეთი ცენტრებისთვის ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო - გვიპასუხეს, რომ არა.
თითქმის ყველა ასეთი ცენტრის მენიუს ჩამონათვალშია პიცა, კარტოფილი ფრი, ხაჭაპური, მაფინი, ქათმის ნაგეტსი, ჰოთ-დოგი, ე.წ. ნატურალური წვენი ან კოკა-კოლა და ლიმონათი. ზოგიერთ ცენტრში - ბოსტნეულის (სტაფილო, კიტრი) ჩხირები.
სადღესასწაულო ცენტრები არ ღირს იაფი. მაგალითად, 10 ბავშვის მოწვევის შემთხვევაში ღირებულება (და ისიც სხვადასხვა აქციებით და ფასდაკლებებით) 400 ლარიდან იწყება და 800-900 ლარამდე ადის. გააჩნია ბავშვების რაოდენობას, თავად ცენტრს და იმასაც, რომელ უბანშია ის გახსნილი.
საუბრის დასასრულისკენ გიორგი მთიულიშვილს ჩვენ მაინც ვკითხეთ, ფსიქოლოგების რეკომენდაციებიდან და რჩევებიდან თუ არის რამე, რაც მას, როგორც ასეთი ცენტრების ერთ-ერთ მფლობელს, ცვლილებებისკენ უბიძგებს. გვითხრა, რომ ამაზე დაფიქრება შეიძლება, თუმცა მისი თქმით, ზოგადად, სადღესასწაულო ცენტრებს საქართველოში მაკონტროლებლები არ აკლია.