კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
მართალი გითხრათ გაოცებული ვარ. ვერაფრით ვერ ამოვხსენი, რატომ არ იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ჩვენს შეთავაზებას. Gota Chanturia და მე ცოტა ხნის წინ გამოვედით შენობიდან. მენჯემენტთან გვქონდა საუბარი, სადაც უნდა შეგვეთანხმებინა ყოველდღიური ეთერის ფორმატი.
როგორი იყო ფაქტების ქრონოლოგია:
1. რამდენიმე დღის წინ საზმაუ დათანხმდა საგანგებო ეთერს, სადაც ყოველდღიურად, საზოგადოების მიერ შეთავაზებული რესპოდენტები ღია ეთერიდან ისაუბრებდნენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე;
2. გუშინწინ საბოლოოდ გვითხრეს, რომ დღევანდელი დღე, ანუ პარასკევი ბოლო იქნებოდა ამ ფორმატში;
3. დღეს გავმართეთ აქცია და მოვითხოვეთ ფორმატის გახანგრძლივება. მენეჯმენტმა შეხვედრაზე გვითხრა, რომ საზოგადოებაში არსებობენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, რომელთაც ასევე სურთ საუბარი და საზმაუმ მათაც უნდა დაუთმოს ეთერი;
4. ჩვენ ცხადია ეს მოსაზრება მივიღეთ დავეთანხმეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, თუმცა შევთავაზეთ პატარა მოდიფიცირება. მათი სურვილი იყო განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანები ერთად დაესვათ ეთერში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, პირისპირ დებატები დაძაბულობის რისკის მატარებელია და პოლარიზაციის დინამიკაში ჩაეწერება. ამიტომ უმჯობესია თუ ეს დრო ორ ბლოკად გაიყოფა, სადაც სხვადასხვა პოზიციის ადამიანებს ექნებათ მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა.
ხომ უცნაურია? მაგრამ საზმაუს მენეჯმენტთან ამაზე საათნახევრიანი დისკუსია უშედეგოდ დასრულდა. არაფრით არ მესმის, თუ გინდა ვინმეს საკუთარი წუხილის გამოხატვის საშუალება მისცე, რატომ არ შეიძლება ეს ისე გააკეთო, როგორც არსებულ კონტექსტს შეეფერება. რატომ უნდა შეასკდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს? პირისპირ რატომ უნდა დასვა ასეთ სიტუაციაში მოქალაქეები რომელთაც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ? რა სარგებელს მოგვიტანს ეს?