ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 44 ადამიანი გადაიყვანა.
მათივე ცნობით, აქედან 27 აქციის მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელი იყო.
“30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი. აქედან, აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია”, – წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
“საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1-ელ ნოემბერს, გამთენიისას, 07 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
მომიტინგეებმა ღამე აქციაზე გაათენეს, სადაც აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებასთან დაკავშირებით. აქციის მოთხოვნაა ახალი არჩევნები. პოლიციამ ძალის გამოყენებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა აქცია პარლამენტთან. აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც ახლოს იდგა პოლიციის კორდონებთან იყენებდა პიროტექნიკას.
ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ნეტგაზეთის კამერამ დააფიქსირა, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები ერთ-ერთ მომიტინგეზე მისი დაკავების შემდეგ.