თანამშრომლები რამდენიმე სართულიდან ტაშს უკრავდნენ. ჰუანგს ხელი გულზე ედო. იმ დღეს NVIDIA-ს აქცია 31,5%-ით გაძვირდა.
ჰუანგი 11 დღით ადრე, 12 ნოემბერს, გადადგა. მანამდე პრესაში გავრცელდა ცნობები ჯენსენ ჰუანგისა და ჩინელი ბიზნესმენის, ელის ჰუანგის, რომანის შესახებ. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო უწყებებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ელის ჰუანგი ჩინეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა.
ეს ამბავი უოლ-სტრიტზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაიაფებას დაემთხვა. ინვესტორებს უკვე აწუხებდათ კითხვა, რამდენად გაამართლებდა ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ფული. ახლა მათ ისიც უნდა შეეფასებინათ, როგორ იმუშავებდა ამ ინდუსტრიისთვის ჩიპების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ადამიანის გარეშე, რომელიც კომპანიას დაარსებიდან 33 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
რა თქვა ჰუანგმა და რა დაწერა პრესამ
63 წლის ჯენსენ ჰუანგი ტაივანში დაიბადა. მომავალი მეუღლე, ლორი, 1980-იანი წლების დასაწყისში ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიცნო, სადაც ორივე ელექტროინჟინერიას სწავლობდა. 1993 წელს ჰუანგმა ორ პარტნიორთან ერთად დააარსა NVIDIA. „ფორბსის“ 2026 წლის მილიარდერთა სიაში ის მერვე ადგილზე იყო. 1 მარტის მდგომარეობით, გამოცემა მის ქონებას 154 მილიარდ დოლარად აფასებდა.
29 ოქტომბერს The New York Times-მა დაწერა, რომ ამერიკელი გამომძიებლები სწავლობდნენ სინგაპურული ტექნოლოგიური კომპანიის, Megaspeed-ის, ყოფილი ხელმძღვანელი პირის, ელის ჰუანგის კავშირებს. გამოცემის ცნობით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, აწვდიდა თუ არა ის ინფორმაციას პეკინს და ეხმარებოდა თუ არა ჩინურ კომპანიებს მოწინავე ამერიკულ ჩიპებზე დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლაში. პეკინმა ჯაშუშობის შესახებ ცნობებს უსაფუძვლო უწოდა. Megaspeed-მაც უარყო კანონდარღვევა.
29 ოქტომბერს ჯენსენ ჰუანგმა Bloomberg-ს უთხრა, რომ ელის ჰუანგთან ისეთივე ურთიერთობა ჰქონდა, როგორიც სხვა ჩინელ კლიენტებსა და კომპანიების ხელმძღვანელებთან. 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პრესამ მათ რომანზე დაწერა, ჰუანგმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღიარა, რომ მეუღლეს უღალატა. მან ოჯახსა და თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა.
11 ნოემბერს The New York Times-მა კიდევ ერთ სავარაუდო ურთიერთობაზე დაწერა. ხუთი ადამიანის ცნობით, რომლებიც NVIDIA-ში მუშაობდნენ, ჯენსენ ჰუანგს რომანი ჰქონდა კიმბერლი პაუელთან, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯანდაცვის მიმართულებით.
რატომ დააბრუნა საბჭომ ჰუანგი
ჰუანგის გადადგომის შემდეგ გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულება NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა, კოლეტ კრესმა, დაიწყო. 17 ნოემბერს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰარვი ჯონსმა, ანალიტიკოსებს უთხრა, რომ ჰუანგის ქცევა კომპანიის ქცევის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა და საბჭო მის დაბრუნებას არ აპირებდა.
ჰუანგის დაბრუნების მოთხოვნით პეტიციას 180 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის - ილონ მასკმა.
ჰუანგს საჯაროდ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. მან თქვა, რომ ჰუანგი მეორე შანსს იმსახურებდა. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ მის დაბრუნებაზე თავად ელაპარაკა საბჭოს.
22 ნოემბერს საბჭომ ჰუანგის პრეზიდენტად, გენერალურ დირექტორად და საბჭოს წევრად აღდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი. კომპანიამ გადაწყვეტილება მეორე დღეს გამოაცხადა. საბჭოს განმარტებით, ჰუანგთან შეხვედრების შემდეგ მისი წევრები დარწმუნდნენ, რომ მას კომპანიის ხელმძღვანელობა შეეძლო. საბჭომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჰუანგის დაბრუნებაში ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ვერ ხედავდა. დამოუკიდებელი კომიტეტი მოკვლევას აგრძელებს.
12 ნოემბერს, ჰუანგის გადადგომის დღეს, ვაჭრობის დასრულებისას NVIDIA-ს ერთი აქცია 166,19 დოლარი ღირდა. 20 ნოემბრისთვის ფასი 125,53 დოლარამდე დაეცა - რვა დღეში აქციამ ღირებულების თითქმის მეოთხედი დაკარგა. 23 ნოემბერს კი, ჰუანგის დაბრუნების შემდეგ, ვაჭრობა 165,05 დოლარზე დასრულდა, გადადგომის დღის ფასზე სულ რაღაც 1,14 დოლარით დაბლა.
ვიდეოთამაშებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე
NVIDIA თავდაპირველად ვიდეოთამაშებისთვის გრაფიკულ პროცესორებს ქმნიდა. ეკრანზე გამოსახულების შესაქმნელად ასეთი პროცესორი ერთდროულად უამრავ გამოთვლას ასრულებს. სწორედ ეს უნარი აღმოჩნდა გამოსადეგი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელადაც. დღეს NVIDIA-ს ჩიპების მსხვილი მყიდველები არიან კომპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის მონაცემთა ცენტრებს აშენებენ.
რამდენად შეიცვალა კომპანიის ბიზნესი, მის ბოლო კვარტალურ ანგარიშშიც ჩანს. 25 ოქტომბერს დასრულებულ სამ თვეში NVIDIA-ს შემოსავალმა 115,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 103%-ით მეტი. აქედან 107,6 მილიარდი დოლარი, ანუ შემოსავლის თითქმის 93%, კომპანიამ მონაცემთა ცენტრებისგან მიიღო.
რა აშფოთებთ ინვესტორებს
ჩიპის გაყიდვას NVIDIA-სთვის შემოსავალი მოაქვს. მისი მყიდველისთვის კი ჩიპის შეძენა ხარჯის მხოლოდ ნაწილია. მან უნდა ააშენოს მონაცემთა ცენტრი, მოამარაგოს ელექტროენერგიით და შემდეგ მოძებნოს საკმარისი მომხმარებელი, რომელიც მის მომსახურებაში ფულს გადაიხდის. საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის 2025 წლის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 2030 წლამდე მსოფლიოში მონაცემთა ცენტრებში შესაძლოა 5,2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია გახდეს საჭირო.
ინვესტორების სიფრთხილე განსაკუთრებით შესამჩნევი ოქტომბერში გახდა. იმ თვეში ამერიკული კომპანიების აქციების ფასების ერთ-ერთმა მთავარმა ინდექსმა, S&P 500-მა, 1%-ზე ნაკლებით დაიკლო, მისმა ტექნოლოგიურმა სექტორმა კი – 6,8%-ით.
ნოემბერში კლება უფრო მკვეთრი იყო. 20 ნოემბრისთვის, ზედიზედ შვიდი სავაჭრო დღის განმავლობაში კლების შემდეგ, S&P 500 თავის ბოლო რეკორდულ მაჩვენებელს 10%-ზე მეტით ჩამორჩებოდა.
23 ნოემბერს S&P 500 გაიზარდა 4,7%-ით, ხოლო Nasdaq Composite, რომელშიც ტექნოლოგიურ კომპანიებს დიდი წილი უკავიათ – 6,5%-ით.
ბაზარზე ფასების ზრდას NVIDIA-ს განცხადებამდეც ელოდნენ. ჰუანგის დაბრუნების ამბის შემდეგ განსაკუთრებით გაძვირდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კომპანიების აქციები.
ბაზრის რყევა და საქართველო
საქართველოში ამერიკული კომპანიების აქციების შეძენა „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ მობილური აპლიკაციებითაც შეიძლება. ორივე ბანკის საინვესტიციო პლატფორმით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. „თიბისის“ 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ მისი პლატფორმის მომხმარებელთა აქტივების ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატებოდა. რამდენი აქვთ ჯამში საქართველოს მოქალაქეებს უცხოურ ბირჟებზე დაბანდებული, უცნობია.
ბირჟებზე ფასების ცვლილება იმ ადამიანების დანაზოგზეც აისახება, რომლებსაც აქციები თავად არასოდეს უყიდიათ. საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეთა შენატანების ნაწილს საერთაშორისო კომპანიების აქციებში აბანდებს. ოქტომბრის ბოლოს ასეთ აქციებზე მოდიოდა კონსერვატიული პორტფელის 17,7%, დაბალანსებულის - 37,2%, დინამიკურის კი - 57,1%.
ოქტომბერში დინამიკურმა პორტფელმა (ადრე მას „მაღალრისკიანი“ ერქვა) 1,34% დაკარგა, დაბალანსებულმა კი - 0,59%. კონსერვატიულ პორტფელს, რომელშიც საპენსიო აქტივების თითქმის 99% იყო განთავსებული, 0,14%-იანი მოგება ჰქონდა.
ფონდის განმარტებით, აქციების შედარებით მცირე წილმა ამ პორტფელზე საბაზრო ფასების კლების გავლენა შეასუსტა. პირველი ათი თვის ჯამში სამივე პორტფელი მოგებაში რჩებოდა.
radiotavisupleba მსოფლიო