„ჯეო ჰოსპიტალსი“ შშმ პაციენტზე: მდგომარეობა მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას

9 hours ago 1

კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მყოფი 18 წლის შშმ პირის, ანზორ (გიო) დავითურის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ნაწილობრივ მისი მდგომარეობისა და ნაწილობრივ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კლინიკამ.

„პაციენტის მდგომარეობა და დაავადების ხასიათი მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით მოეწყო კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა დარგობრივმა ექსპერტებმა“, - წერია კლინიკის განცხადებაში და ჩამოთვლილია რეანიმატოლოგები, რომლებიც კონსილიუმში მონაწილეობდნენ.

​„ჯეო ჰოსპიტალსის“ ცნობით, კონსილიუმმა დაადასტურა, რომ კლინიკა სწორად მართავს პროცესებს და ამ მომენტისთვის ყველა საჭირო საშუალება ხელმისაწვდომია:

„სამომავლოდ, შესაძლო გართულებების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, სამინისტროს დახმარებით, მობილიზებულია არამარტო ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი, რაც დაგვეხმარება მოსალოდნელი რისკების გადაზღვევაში“.

18 წლის შშმ პირის, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალსმა“ 21 აგვისტოს მას შემდეგ მიიღო, რაც საჭირო სამედიცინო სერვისის გაცემაზე სამმა საავადმყოფომ უარი უთხრა - ეუბნებოდნენ, რომ ან ადგილი არ ჰქონდათ, ან შესაბამისი კვლევის ჩატარება არ შეეძლოთ, ან მათი პაციენტი არ იყო და ფსიქიატრიული კლინიკისკენ უთითებდნენ.

მეოთხე კლინიკაში, სადაც ის ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რამდენიმე საათი ალოდინეს. როგორც აღმოჩნდა, შშმ მოზარდს, ისედაც რთული დიაგნოზის გარდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც ჰქონდა.

ანზორ (გიო) დავითურს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და ვერ ლაპარაკობს, ასევე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაეწყო ტკივილები.

ბიჭს რომ რაღაც აწუხებდა, ამას დედა, მაია ბარათაშვილი შვილის შეცვლილი ქცევით მიხვდა. რადგან საკვების და წყლის მიცემის შემდეგ უფრო მძაფრად რეაგირებდა, ხელი კი თავთან მიჰქონდა, დედამ ჩათვალა, რომ შესაძლოა, ბიჭს კბილი, ყური ან თავი სტკიოდა და მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა.

რამდენიმე კლინიკაში მიღებული უარის შემდეგ დედამ, მაიკო ბარათაშვილმა შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიიყვანა. როგორც კლინიკაში ამბობენ, „ობიექტური მიზეზების გამო“ პაციენტის მიღება მართლაც დაყოვნდა, ოღონდ არა 4 საათით, არამედ 2 საათით და 18 წუთით.

23 აგვისტოს ბიჭი „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა. მან მის დედას, მაიკო ბარათაშვილს ურჩია, შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ დაეტოვებინა, „რადგან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შემთხვევაში, ფრენისას თუ მგზავრობისას, რისკები გაიზრდებოდა“.

სრულად წაკითხვა