„პაციენტი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდგომარეობა მძიმე რჩება. თუმცა მეორე დღეა, გამოიკვეთა მკაფიო დადებითი დინამიკა. პაციენტი აღარ სიცხიანობს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მაჩვენებლები ცალსახად უმჯობესდება, ასევე ვენტილაციურმა პარამეტრებმა განიცადა მკაფიო დადებითი დინამიკა“, - ამბობს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ პაციენტი შშმ პირია, აქვს ეპილეფსია და განსხვავებული ქცევა, ამან გაართულა დიაგნოზის დასმა და მართვა.
18 წლის შშმ პირის, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალსმა“ 21 აგვისტოს მას შემდეგ მიიღო, რაც საჭირო სამედიცინო სერვისის გაცემაზე სამმა საავადმყოფომ უარი უთხრა - ეუბნებოდნენ, რომ ან ადგილი არ ჰქონდათ, ან შესაბამისი კვლევის ჩატარება არ შეეძლოთ, ან მათი პაციენტი არ იყო და ფსიქიატრიული კლინიკისკენ უთითებდნენ.
მეოთხე კლინიკაში, სადაც ის ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რამდენიმე საათი ალოდინეს. როგორც აღმოჩნდა, შშმ მოზარდს, ისედაც რთული დიაგნოზის გარდა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც ჰქონდა.
ანზორ (გიო) დავითურს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და ვერ ლაპარაკობს, ასევე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაეწყო ტკივილები.
ბიჭს რომ რაღაც აწუხებდა, ამას დედა, მაია ბარათაშვილი შვილის შეცვლილი ქცევით მიხვდა. რადგან საკვების და წყლის მიცემის შემდეგ უფრო მძაფრად რეაგირებდა, ხელი კი თავთან მიჰქონდა, დედამ ჩათვალა, რომ შესაძლოა, ბიჭს კბილი, ყური ან თავი სტკიოდა და მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა.
რამდენიმე კლინიკაში მიღებული უარის შემდეგ დედამ, მაიკო ბარათაშვილმა შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიიყვანა. როგორც კლინიკაში ამბობენ, „ობიექტური მიზეზების გამო“ პაციენტის მიღება მართლაც დაყოვნდა, ოღონდ არა 4 საათით, არამედ 2 საათით და 18 წუთით.
23 აგვისტოს ბიჭი „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა. მან მის დედას, მაიკო ბარათაშვილს ურჩია, შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ დაეტოვებინა, „რადგან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შემთხვევაში, ფრენისას თუ მგზავრობისას, რისკები გაიზრდებოდა“.
გუშინ, 25 აგვისტოს კი „ჯეო ჰოსპიტალსში“ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა მოითხოვდა მულტიდისციპლინარულ მიდგომას და სწორედ ამიტომ მოიწვიეს სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით კონსილიუმი:
„სამომავლოდ, შესაძლო გართულებების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, სამინისტროს დახმარებით, მობილიზებულია არამარტო ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი, რაც დაგვეხმარება მოსალოდნელი რისკების გადაზღვევაში“.