9 იანვარს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, ჯიმი კარტერს დაკრძალავენ, რომელიც კვირას, 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტ კარტერის დაკრძალვის ცერემონიალის დღის გამოცხადებასთან ერთად, ქვეყანაში ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა. ჯიმი კარტერის პატივსაცემად, ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში დროშები ნახევრად დაშვებული დარჩება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 იანვარი ასევე ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა. ბაიდენის ბრძანებით, ფედერალური მთავრობის ყველა ოფისი 9 იანვარს, ხუთშაბათს, ამერიკის 39-ე პრეზიდენტის მიმართ, პატივისცემის ნიშნად, დაიხურება და არ იმუშავებს.
„მოვუწოდებ ამერიკელ ხალხს, შეიკრიბონ იმ დღეს თავიანთ სალოცავ ადგილებში, რათა პატივი მიაგონ პრეზიდენტ ჯეიმს ერლ კარტერ უმცროსის ხსოვნას“, - თქვა ბაიდენმა კვირას გვიან გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. „მოვუწოდებ მსოფლიოს ხალხს, ვინც იზიარებს ჩვენს მწუხარებას, შემოგვიერთდნენ".
9 იანვარს ამერიკის დედაქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარში ამერიკის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი შეიკრიბება, რათა ბოლო გზაზე გააცილონ ჯიმი კარტერი.