თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ უთხრა ბურჭულაძის სახლთან მყოფ ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ მან "საყოფაცხოვრებო პირობებში ტვინის შერყევა მიიღო და ექიმების რეკომენდაციით წოლით რეჟიმში იმყოფებოდა."
"სახლში იყო, ჩვეულებრივ გადაადგილების დროს წაიქცა და დაზიანება მიიღო, ტვინის შერყევა აქვს, რამდენიმე დღეა აქვს წოლითი რეჟიმი", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლინიკაში მოათავსეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
იმ დროს, როცა ადვოკატი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, ბურჭულაძის ბინის აივნიდან, სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრმა, რომელიც ზურგშექცევით იდგა, ხმამაღლა თქვა, რომ ის "კვადროციკლიდან გადმოვარდა".
სუსის პრესსამსახურის ინფორმაციითაც, ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი. რის გამოც, მან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა. უწყების თანახმად, ამ მიზეზით საჯაროდ არ გავრცელდება ბურჭულაძის დაკავების კადრები.
ადვოკატის განცხადებით, სუსის წარმომადგენლებმა ბურჭულაძის ბინიდან ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.
რაც შეეხება ბრალის დადგენილებას, ადვოკატის თქმით, მას, სავარაუდოდ, საქმის მასალებთან ერთად, ხვალ გადასცემენ და ამის საფუძველზე მეტი ინფორმაცია ექნება, თუ რას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
"დაკავებას არ ველოდებოდით.... ეს ბრალდება არის აბსურდული. ჩვენ გვქონდა აქამდეც კომუნიკაცია, დაახლოებით ვიცოდი ამ საქმის რამდენიმე დეტალი. სრულად არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, სამწუხაროდ, საქმის დეტალებზე ვერ გეტყვით, გაფრთხილებული ვართ მონაცემების გაუმჟღავნებლობაზე, გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. შეფასების ნაწილში შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არასწორია", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ "ტვ პირველის" შეკითხვის პასუხად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ერთსა და იმავე ბრიფინგზე გამოაცხადა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე.
სუსს განცხადებაში არ მიუნიშნებია, რომ ამ ორ ადამიანს ან საქმეს შორის რაიმე კავშირი არსებობს.
მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები მიანიშნებდნენ, რომ მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ლევან ხაბეიშვილი მათი ყოფილი თანაგუნდელისგან იღებდა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
სამართლებრივ ენაზე ეს ბრალდებებია „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
2025 წლის ივლისში ამავე უწყებამ დააკავა ბურჭულაძის გარემოცვის წევრები - მისი ყოფილი მოადგილე, ცოლისძმა და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
MRT-ს აპარატის საქმე
დღევანდელ ბრიფინგზე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ივლისში გამოვლენილი საქმე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ეხებოდა, მომზადდა „ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით“.
ბრალდების თანახმად, ეს სქემა მომზადდა „თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად“. საუბარია ექსმინისტრის ცოლისძმაზე, ვასილ მხეიძეზე.
ბრალდების თანახმადვე, სქემაში მონაწილეობდნენ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.
მათ მხეიძის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში „მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო“.
შედეგად, სუსის მტკიცებით, „არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება“:
- 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იყიდა 3 940 000 ლარად.
- „დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი“, - აცხადებს სუსი.
„ფულის გათეთრება“ - სახლი ესპანეთში
მეორე ბრალდება უკავშირდება ესპანეთში ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთს.
2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით.
სუსი აცხადებს, რომ ამ თანხის „კანონიერი წარმომავლობა“ ექსმინისტრსა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ.
ამიტომ ამ თანხის „რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით“, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის მეუღლესა და „მესამე პირს“ შორის გაფორმდა „ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება“.
ამ ხელშეკრულების თანახმად, წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება ბურჭულაძეებმა 620 000 ევროდ გაყიდეს.
„რეალურად კი ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა“, - აცხადებს სუსი.
უწყების განცხადების თანახმადვე, დამატებით ბურჭულაძემ გამოიყენა „ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები“ და „544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით“, ეს ქონება საერთოდ არ მიუთითა 2025 წლის მარტში ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას.
„ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, - ასეთია სუსის პოზიცია.
1 აგვისტოს ყოფილი მინისტრი აცხადებდა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა სიმართლე და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ამ საკითხში“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გარემოცვის წევრების დაკავებაში იკვეთება პოლიტიკური ინტერესი, თქვა:
„არამგონია, რომ აქ პოლიტიკური ინტერესი ან დავალება იყოს. ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება“.
ამ საქმეზე სამივე დაკავებულს პატიმრობა აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული.