WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ("როსსტატის") საინფორმაციო რესურსები კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა. ჰაკერული იერიშები უწყვეტად გრძელდება 29 ოქტომბრიდან მოყოლებული. უწყების პრესსამსახურმა რბკ-ს დაუდასტურა, რომ "როსსტატის" ოფიციალური ვებსაიტი ამჟამად მიუწვდომელია, და პირობა დადო, რომ მისი ფუნქციონირება უახლოეს ხანში აღდგება.

გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ჰაკერებმა გატეხილ გვერდზე ბელარუსულ ენაზე განათავსეს შეტყობინება: „პასუხისმგებლობას ვერავინ აარიდებს თავს“. ანალოგიური შინაარსის ტექსტი გამოჩნდა უწყების რეგიონული სამმართველოების ვებსაიტებზეც.

ჰაკერებმა საიტზე ასევე განათავსეს დაჯგუფებების - „კიბერპარტიზანები BY“-სა და Silent Crow-ს ემბლემები. ამ უკანასკნელმა განაცხადა "როსსტატის" შიდა IT-ინფრასტრუქტურის კომპრომეტირებისა და სრული განადგურების შესახებ.

როგორც Silent Crow აცხადებს, მათ, სხვათა შორის, მოიპოვეს „ინფორმაცია, რომელიც ეხება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთის სამხედრო დანაკარგებს“.

სავარაუდო ზიანის მასშტაბების შესახებ ჯერჯერობით არ მოიპოვება დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული ცნობები.

"როსსტატში" რბკ-ს განუცხადეს, რომ იერიშები საგულდაგულოდ იყო მომზადებული და ერთდროულად ხორციელდებოდა რამდენიმე მიმართულებით, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. უწყების მტკიცებით, პროცესში სპეციალისტების დიდი რაოდენობა მონაწილეობდა, ხოლო თავდასხმის წყაროები სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში მდებარეობდა.

ამასთან, "როსსტატი" ირწმუნება, რომ მონაცემთა ბაზებისა და კანონით დაცული ინფორმაციის გაჟონვა არ დაფიქსირებულა. საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტები ამჟამად ადგენენ თავდასხმის წყაროებს და ამოწმებენ სისტემის სუსტ ადგილებს. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ გააძლიერეს ინფრასტრუქტურის დაცვა და წვდომის კონტროლი.