ჰამასმა ისრაელს გადასცა კიდევ ერთი მძევლის ცხედარი

11 hours ago 4

პალესტინურმა ჯგუფმა, ჰამასმა - რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ - ისრაელს გადასცა კიდევ ერთი დაღუპული მძევლის ცხედარი, მანამდე გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

როგორც ისრაელის თავდაცვის არმია იუწყება, ესაა ელიაგუ მარგალიტი, რომელიც მოკლეს ისრაელზე ჰამასის თავდასხმისას, 2023 წლის 7 ოქტომბერს. მისი ცხედარი შემდეგ ღაზის სექტორში წაიღეს. სიკვდილის მომენტში იგი 75 წლისა იყო. მარგალიტის დაღუპვის შესახებ 2023 წლის 1 დეკემბერს გახდა ცნობილი.

"ჩვენი ძვირფასი ელი სახლში დაბრუნდა, მისი მკვლელობიდან და ნირ-ოზის კიბუციდან გატაცებიდან 742 დღის გასვლის შემდეგ. მადლობას ვუხდით ისრაელის ხალხს და 'მძევალთა ოჯახების ფონდს' მხარდაჭერისთვის ხანგრძლივ ბრძოლაში მის დასაბრუნებლად და პირობას ვდებთ, რომ არ გავჩერდებით და არ დავმშვიდდებით მანამ, სანამ უკანასკნელი მძევალი არ დაბრუნდება ისრაელში დასაკრძალად" - ოჯახის ამ განცხადებას ავრცელებს The Times of Israel.

ღაზის სექტორში რჩება კიდევ 18 მძევლის ცხედრები. ისრაელი ჰამასს ბრალს სდებს რამდენიმე ადამიანის გვამების განზრახ დამალვაში. ჰამასი აცხადებს, რომ ცხედრებს ვერ პოულობს, ღაზის სექტორში ნგრევის მასშტაბის გამო.

ოქტომბრის დასაწყისში ისრაელმა და ჰამასმა შეათანხმეს სამშვიდობო ხელშეკრულების პირველი ეტაპი, რომელიც მძევალთა გათავისუფლების გარდა ითვალისწინებს საომარი ოპერაციების შეწყვეტას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის აღდგენას და ისრაელის ძალების გაყვანას შეთანხმებულ ხაზზე. გარდა ამისა, ლაპარაკია ჰამასის განიარაღებაზე და მათი წარმომადგენლების ხელისუფლებისგან ჩამოშორებაზე. ჰამასი აცხადებდა, რომ მზადაა ხელისუფლება გადასცეს პალესტინელთა გარკვეულ საერთო სტრუქტურებს, თუმცა განიარაღებას არ აპირებს.

13 ოქტომბერს ჰამასმა გაათავისუფლა ცოცხლად დარჩენილი ისრაელელი 20 მძევალი, ისრაელმა კი გაუშვა ასობით პალესტინელი პატიმარი.

სრულად წაკითხვა