ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლა

2 months ago 54

სამშაბათს, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ობიექტებზე 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რაც ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ღაზაში ომის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევაა.

ლიბანური წყაროების ცნობით, მეორე დღეა, ისრაელი ლიბანის ბექაას ხეობაზე, ავიადარტყმებს ახორციელებს. მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ობიექტებია. ამავე წყაროების ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, მოკლულია ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი.

„ჰეზბოლას“ განაცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფებამ 100-ზე მეტი „კატიუშას“ რაკეტა ესროლა ისრაელის რამდენიმე სამხედრო პუნქტს, 11 მარტს ისრაელის მიერ ბექაას რეგიონის დაბომბვის საპასუხოდ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ სოფელ ნაბი ჩიტში ავიაიერიშის შედეგად, ჰეზბოლას ერთი წევრის დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ისრაელის მხარე დეტალებს არ ასაჯაროვებს.

ამასთან, ორ ანონიმურ წყაროსა და ბალბეკის გუბერნატორ ბაშირ ხადერზე დაყრდნობით, „როიტერი“ ისრაელის ძალების დარტყმების შედეგად, მინიმუმ ერთი სამოქალაქო პირის გარდაცვალების შესახებ იტყობინება.

ღაზის ომმა, „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის, 2006 წლის ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი დაპირისპირება გამოიწვია, რამაც გააძლიერა შიში რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის გარშემო.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი, მასზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ გამოუცხადა. ისრაელზე თავდასხმისას, აშშ-ისა და ათობით სხვა ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ჰამასმა“, 1200 ადამიანი მოკლა და 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, მინიმუმ 30 000 პალესტინელი დაიღუპა.

სრულად წაკითხვა