ჰელსინკის კომისია პარტნიორებს საქართველოში ახალი არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდებს  

2 weeks ago 5

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები მოუწოდებენ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შეუერთდნენ მათ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და „უკანონო რეჟიმის“ მიერ ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში – რაც იმეორებს საქართველოში მომიტინგეების მიერ გაჟღერებულ ორ მოთხოვნას. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ უმოქმედობა მილიონობით ქართველის იმედების ღალატი იქნება და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას შეარყევს.

„ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების 150 დღე შესრულდება, რაც ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ქართველების მტკიცე ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი უარს ამბობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს დაუთმონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ძალაუფლების ჩაბღაუჭებისთვის, ქართველებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევის გზით. „დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების ჩახშობით, „ქართული ოცნება“ თავის ქვეყანას ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას აშორებს და საქართველოს, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მსგავსად, რეპრესიების მომავლისთვის წირავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის წევრები, რომლებიც საქართველოს სამხრეთ კავკასიაში „ოდესღაც… იმედის შუქურად“ მოიხსენიებენ, საერთაშორისო პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ თუ ქვეყანა ავტოკრატიისკენ გზას გააგრძელებს, მათ შესაძლოა დაკარგონ „მოკავშირე, რომელიც მტკიცედ იცავდა ჩვენს საერთო უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს“, ხოლო ქართველები რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში ტანჯვისთვის გაწირონ.

„მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. უმოქმედობა არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის არსებობის შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი,  თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი, სენარტორი შელდონ უაითჰაუსი, ასევე კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი და სენატორი ჯონ კორნინი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა