გადაწყვეტილება დღეს საღამოს, 12 სექტემბერს, მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად“ არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ამბავსა და „4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“.
ბრალდებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, დენის შურავლოვი და მიხაილო სკრუპსკიი.
- დენის შურავლოვი ოდესაში ცხოვრობდა. დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. ის ბრალს არ აღიარებს.
- მიხაილო სკრუპსკიი ქალაქ ხმელინცკისში ცხოვრობდა. დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს.
- ადვოკატ დარეჯან ბარბაქაძის ცნობით, სკრუპსკიი ბოლო რვა წელია, გადამზიდავ კომპანიაში მუშაობს და რეგულარულად დადიოდა უკრაინიდან საქართველოში.
სკრუპსკიი ბრალს აღიარებს
მათ ბრალი წაუყენეს ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვაში.
დამატებით მიხაილო სკრუპსკიის კიდევ რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი. მათ შორის: ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და გადატანა.
მიხაილო სკრუპსკიის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულია ჩადენილი და ბრალდებული სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა:
„ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო, მიაწოდა გამოძიებას. შეიძლება ითქვას, რომ ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამბობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ცნობილი იყო. ის ეთანხმება იმ ბრალს, რაც მას წაუყენეს“, - თქვა ადვოკატმა.
„შესაბამისად, მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არ არსებობს“, - აღნიშნა მან.
„ის არ გახლავთ წარსულში ნასამართლევი. ის 8 წლის განმავლობაში შემოდიოდა საქართველოში. მისთვის უცნობი იყო, რა ნივთიერება გამოატანეს, მაგრამ იმის გამო, რომ ის მართავდა ავტომობილს, წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს“, - განაცხადა ადვოკატმა.
დალი ბარბაქაძე მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ბრალდებულის ოჯახი მზად არის, გადაიხადოს გირაოს თანხა.
„მიმალვასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმები არსებობს - პასპორტი ჩამოართვან ან პოლიციაში გამოცხადება დაავალონ. საქართველოს საზღვრის დატოვება მარტივი არ არის“, - განაცხადა მან.
შურავლოვი: „უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა“
საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დენის შურავლოვმა „გაურკვეველ ვითარებაში“ შეიძინა „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“ და ინახავდა სასტუმროს ნომერში. საუბარია 4,167 გრამ კოკაინზე.
პროკურორის თქმითვე, შურავლოვმა სკრუპსკიის გამოართვა „ფეთქებადი ნივთიერების შემცველი ნივთიერება“.
დენის შურავლოვი, მეორე ბრალდებულისგან განსხვავებით, ბრალს არ აღიარებს:
„უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა ის, რაშიც ბრალს მდებენ“, - თქვა მან სხდომაზე (ის რუსულ ენაზე საუბრობდა და მისი სიტყვები ქართულად თარჯიმანმა თარგმნა).
მან ასევე განაცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია“, რომ სამართალდამცავებმა აიძულეს, წყალი დაელია, - მიუხედავად იმისა, რომ ის ამაზე უარს ამბობდა.
მოსამართლემ მხარეებთან შეთანხმებით დანიშნა შემდეგი სხდომის გამართვის თარიღი: 3 ნოემბერი, 12:00 საათი.
პროკურორმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ამ საქმეში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია ფიგურირებს.
სასამართლოს შენობიდან გამოსულს, ამ საკითხზე მას კითხვა დაუსვეს "ტვ პირველისა" და "ფორმულის" ჟურნალისტებმა, თუმცა ის ჩქარი ნაბიჯით ავტომობილისკენ გაემართა და ამ საკითხზე კითხვებს არ უპასუხა.
როგორც ახალია ეუბნება რადიო თავისუფლებას, გავრცელებული ინფორმაცია არის "სრული აბსურდი და ტყუილი":
„მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ, როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ“. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები, რატომ არ მქონია - ჯერ ერთი, 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ", - ამბობს ახალაია.