„ათმა სპეცრაზმელმა მირტყა. ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს“ - ირაკლი წულაია 3000 ლარით დაჯარიმდა

2 weeks ago 12

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მას 3000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ირაკლი წულაია სპეცრაზმელებმა 28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც დაკავებისას, ისე მინი-ვენში, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, სასამართლოს სხდომაზე მოწმეების სახით ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ მის დაკავებასთან:

„წარმოადგინეს ვიდეო-კადრები, სადაც საერთოდ არ ვჩანდი. დამაჯარიმეს 3000 ათასი ლარით. თუმცა, ამავე მუხლით სხვა ადამიანებს პატიმრობა დააკისრეს და ამ სისტემასა და ამ მოცემულობაში, ჯარიმის მადლობელიც უნდა ვიყო, თუმცა, 300 ათასი ქართველი დღეს დგას ქუჩაში და გამოდის, რომ ყველა დამნაშავენი ვარ“.

სასამართლოს სხდომაზე მისულ ირაკლი წულაის, დაკავებიდან ხუთი დღის თავზეც ეტყობიდა ის დაზიანებები, რომელიც მას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მიაყენეს:

„ათმა სპეცრაზმელმა მირტყა. შემდეგ ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს. ეს ადამიანები არ ვიცი ვინ არიან, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც მივეცი ჩვენება და დღეს მივდივარ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე, თუმცა, იმედი არ მაქვს, რადგან ორივე ეს ინსტიტუტი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, დაკავებულია 230-ზე მეტი დემონსტრანტი. სასამართლო სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2 დეკემბრის დილას გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36-ს შეეფარდა ჯარიმა. 34 -ს ადმინისტრაციული პატიმრობა.

უწყებას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია დაკავებულებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ.

სრულად წაკითხვა