ამერიკის 70 წლის მოქალაქეს რუსეთში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

3 weeks ago 23

70 წლის სტივენ ჯეიმსს ჰაბარდს, ინგლისური ენის მასწავლებელს რუსეთში 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯეიმსი დაკავებამდე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს იბრძოდა და მან ამისთვის საკონტრაქტო ანაზღაურებაც მიიღო.

ჰაბარდის ოჯახისთვის რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდო არ არის, დაკავებულის და პატრიცია ფოქსი ამბობს, რომ ჰაბარდი „უფრო პაციფისტია“ და მას არათუ ომში მონაწილეობის სურვილი, იარაღიც კი არასდროს ჰქონია.

„ის ისეთი არასამხედრო ადამიანია. მას არასდროს ჰქონია იარაღი, მას მსგავსი არასდროს არაფერი გაუკეთებია, ის უფრო პაციფისტია“, - ეუბნება საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ ჰაბარდის და სატელეფონო ინტერვიუს დროს და განმარტავს, რომ მისი ძმა ომში წასასვლელად მოხუცი იყო.

ჰაბარდი მიჩიგანიდან არის და მისი ოჯახის ცნობით, ის წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად, მათ შორის, იაპონიაში და კვიპროსში.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი, ჰაბარდმა ბრალი აღიარა. „დიახ, ვეთანხმები საბრალდებო დასკვნას“, - ციტირებს ამერიკის მოქალაქეს, რუსული გამოცემა.

საბრალდებო მასალებში წერია, რომ ჰაბარდმა 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებიდან მალევე ქალაქ იზიუმში მოაწერა ხელი კონტრაქტს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფთან, ყოველთვიურად კი, ანაზღაურების სახით, მას 1000 დოლარი უნდა მიეღო. რუსული მედიის ცნობით ჰაბარდი უკრაინაში რუსმა სამხედროებმა იმავე წლის 2 აპრილს დააკავეს, თუმცა საბრალდებო დასკვნაში ამის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

გასულ კვირას, რუსეთში ამერიკის საელჩომ დაადასტურა ინფორმაცია ჰაბარდის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატიურმა უწყებამ დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

სრულად წაკითხვა