ანგარიში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიის ჩართულობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას

5 hours ago 3

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო იდეა“, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში ჩინეთის საქმიანობას იკვლევს, 14 იანვარს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საგანგაშოდ მიიჩნევს კიდევ ერთი ჩინური კომპანიის მუშაობას საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე.

ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთსა და ისრაელში, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე საქართველოში მიმდინარე პროექტებში მის ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავს პარტნიორობას ჩინურ კომპანიებთან ხშირად უსაფრთხოების რისკები, კანონის დარღვევა და კორუფციის ბრალდებები ახლავს თან. საუბარია კომპანია China Railway Tunnel Group-ზე (CRTG), რომლის გამოცდილებაზე დაყრდნობითაც „სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის პროექტს, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთზეც CRTG ამჟამად მუშაობს, ასევე შეექმნება ვადების გადაცილების, ხარჯების ზრდისა და ხარისხის გაუარესების შესაძლო საფრთხე.  

ჩინურმა კომპანიამ ერთი პროექტი უკვე განახორციელა საქართველოში და ამჟამად მეორეზე მუშაობს. ორივე პროექტი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხორციელდება – ეს მარშრუტი რუსეთს მის სამხრეთით მდებარე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოს გავლით ირანთან დააკავშირებს.  

რას წარმოადგენს კომპანია China Railway Tunnel Group?

კომპანია China Railway Tunnel Group 1984 წელს დაარსდა და ის ჩინეთში გვირაბების გაჭრა-მშენებლობასა და მიწისქვეშა სამუშაოებს ახორციელებს. CRTG გახლავთ კომპანიის China Railway Engineering Corporation-ის შვილობილი კომპანია და, „შესაბამისად, ჩინეთსა და მის პარტნიორ ქვეყნებში მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობს“. ანგარიშის თანახმად, „კომპანიის წილის მნიშვნელოვანი უმეტესობა ჩინეთის მთავრობის მფლობელობაშია, რაც დასტურდება იმით, რომ იგი რეგისტრირებულია სახელმწიფო საწარმოთა სიაში (SOE) შანხაის საფონდო ბირჟაზე, სადაც ჩინეთის მთავრობა პირდაპირი და არაპირდაპირი წილების მეშვეობით აკონტროლებს მის უმეტეს ნაწილს“.

CRTG-ს მხრიდან საერთაშორისო პროექტებში შრომითი უფლებების დარღვევას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 2019 წელს, მსოფლიო ბანკმა კომპანიას სანქციები დაუწესა საერთაშორისო პროექტებში თაღლითური საქმიანობისა და შრომითი უფლებების დარღვევის გამო. 2020 წლის დეკემბერში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა CRTG „შავ სიაში” შეიყვანა ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირების გამო.

კომპანიის საქმიანობა საქართველოში

CRTG ქართულ ბაზარზე პირველად 2018 წელს შემოვიდა, მაგრამ ცენტრალურ საქართველოში რიკოთის უღელტეხილის პროექტზე ტენდერი ვერ მოიგო და ის სხვა ჩინურ კომპანიას გადაეცა.

CRTG-სთან კონტრაქტი საქართველოში ორ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაფორმდა. ესენია: ქვეშეთი-კობის და სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო მაგისტრალები, რომლებიც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ნაწილია – ეს მარშრუტი რუსეთს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან აკავშირებს საქართველოს გავლით.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო და, დათქმისამებრ, უნდა დასრულებულიყო 2023 წელს, თუმცა, გზის მშენებლობა ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ამ პროექტში CRTG-მ, რომელიც 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრაზე იყო პასუხისმგებელი, საქმიანობა უკვე დაასრულა. ქვეშეთი-კობის გზის დარჩენილი ნაწილი, ნაგებობები და ხიდები სხვა ჩინური კომპანიის China Railway 23rd Bureau Group Co. Ltd-ის მიერ შენდება.

ადგილობრივი ექსპერტები ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის რისკებზე საუბრობენ, რომლის მცირე ნაწილიც საქართველოში ქვეშეთი-კობის ავტომაგისტრალია.

„დღეს ეს პროექტი საქართველოსთვის უფრო მეტი სამხედრო და გეოპოლიტიკური რისკების შემცველია, ვიდრე კომერციულად, ეკონომიკურად თუ ფინანსურად მომგებიანი “, – განუცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა „სამოქალაქო იდეას“. 

მარშრუტი ასევე გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად რუსეთიდან სომხეთში, სადაც შესაძლებელია მისი რეექსპორტი საქართველოში, აღნიშნავს ეკონომისტი გია ჯანდიერი და დასძენს, რომ „სწორედ ამ გზის გავლით მარაგდება გიუმრის რუსული სამხედრო ბაზაც [სომხეთში]“.

ამჟამად CRTG სტეფანწმინდა-გველეთის 4,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე მუშაობს, რომელიც საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი უფრო დიდი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის ნაწილია. ამ პროექტზე პირველი სახელმწიფო ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა და მასში ხუთმა კომპანიამ, მათ შორის CRTG-მ  მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც „სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, CRTG-მ  კონკურენტული წინადადება წარადგინა, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხუთივე დაინტერესებული კომპანია უარით გაისტუმრა, რაიმე კონკრეტული მიზეზების დასახელების გარეშე. 2024 წლის მაისში მეორე ტენდერი გამოცხადდა და ამჯერად მხოლოდ ერთი კომპანია – China Railway Tunnel Group Co დაინტერესდა. მისი შეთავაზება პირველი ტენდერის ღირებულებაზე დაახლოებით 33 მილიონი ლარით ნაკლები იყო, თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ამ შეთავაზებამ გაიმარჯვა. „დღემდე უცნობია, თუ რატომ უარყო დეპარტამენტმა ყველა წინადადება პირველივე ჯერზე, ან – რა ფაქტორებმა განაპირობა მეორე ტენდერის უკონკურენტობა და მხოლოდ ერთი მონაწილის არსებობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ CRTG-ის მუშაობას გარემოსდაცვითი წუხილები მოყვა. კერძოდ, გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოსდაცვითი რეგულაციების უგულებელყოფის, ე.წ. „სკოპინგის“ არასრული პროცედურების, გარემოზე ზემოქმედების აუცილებელი შეფასებებისა და ნებართვების არარსებობის საკითხებზე დონორებს – მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს მიმართა.

სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის პროექტის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ ის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მთავარი „არტერია“ იქნება.

„პროექტი პოლიტიკურად მაღალი რისკების შემცველი და სახიფათოა, ვინაიდან საქართველო ისედაც შეზღუდულ რესურსებს  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გამართვაზე უნდა ხარჯავდეს, ხოლო, აღნიშნული პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ორი სანქცირებული ქვეყნის დაკავშირებას შეუწყობს ხელს (საუბარია ირანსა და რუსეთზე)“, – ნათქვამია ანგარიშში.

დასკვნა

„სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება CRTG-სთან თანამშრომლობაზე და მისთვის უკონკურენტო საბაზრო კლიმატის შექმნაზე, იმეორებს ქვეყანაში სხვა ჩინურ კომპანიებთან არსებულ პრობლემატურ გამოცდილებას. მსგავსი პარტნიორობები ჩინურ კომპანიებთან ხშირად უსაფრთხოების მაღალი რისკებით, კანონდარღვევებითა და კორუფციის ბრალდებებით ხასიათდება. ორგანიზაციის თქმით, არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ სტეფანწმინდა-ლარსის პროექტზეც, შეიძლება, წარმოიქმნას ვადების გადაცილების, ხარჯების გაზრდისა და ხარისხის გაუარესების პრობლემები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  CRTG-ის ირგვლივ არსებული რიგი მასშტაბური სკანდალის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა სათანადო სიფრთხილეს კვლავ არ იჩენს. შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ კონტრაქტების გაფორმებამდე არ ხდება კომპანიის რეპუტაციისა და საქმიანობის პრაქტიკის საფუძვლიანი შესწავლა. ასეთი ზედაპირული მიდგომა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასაც. CRTG-ის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის მკაცრი ზედამხედველობა და ხშირი შეფასება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. „განსაკუთრებით ეს ეხება სტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთავრობის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა უნდა იყოს“, – აცხადებს „სამოქალაქო იდეა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა