ანრი, მათე, საბა, ანატოლი და სხვები - რას ედავებიან პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს?

5 hours ago 3

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 9 ადამიანის დაკავების შესახებ გახდა მედიისთვის ცნობილი.

სამართალდამცველზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ მუხლით, აქციის მიმდინარეობისას, ყველაზე ბოლოს და თან პირველად ჟურნალისტი, ქალაქ ბათუმში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს.

„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა“, - ეს წერილი მზია ამაღლობელმა გამოცემა „ნეტგაზეთს“ ციხიდან გამოუგზავნა.

ამავე თემაზე: მზია ამაღლობელი საპატიმროდან საუბრობს მისთვის წაყენებულ ბრალზე

იქამდე, პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროკურატურამ სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით რვა პირის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაშია - ვინ არიან ისინი და რას ედავება მათ პროკურატურა - რადიო თავისუფლებამ მათი საქმეები შეაგროვა.

პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ იდენტური მტკიცებულებები აქვს - პოლიციელის ჩვენება და ზოგიერთ შემთხვევაში ვიდეო, სადაც, ადვოკატების თქმით, ხშირად არც დაკავებულის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, არც დაზარალებული ჩანს და არც დანაშაულის ნიშნებია მკაფიო.

ანზორ (ანრი) კვარაცხელია

25 წლის ანზორ კვარაცხელია 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანზორ კვარაცხელიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებამდე გაჩხრიკეს კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლი. მისი ცოლი, ნუცა ერემიანი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორც ცდილობდნენ პოლიციელები სახლში მოტყუებით შესვლას და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მას, ანრისა და ანრის დას.

ანზორ (ანრი) კვარაცხელია სასამართლო პროცესზე. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ანზორ (ანრი) კვარაცხელია სასამართლო პროცესზე. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

„სახლის კარების გაღებას ჩუმად ცდილობდნენ, საკეტის ხმაზე რომ რეაგირება გვქონდა, გვითხრეს, რომ მეზობლები იყვნენ, ჩვენს მანქანას გაუსვეს, ჭიქა წყალი უნდოდათ, გვთხოვდნენ მანქანა გადაგვეყენებინა. ამის შემდეგ კარის სახელურის გატეხვა სცადეს, ქვა დაარტყეს და ჩამოვარდა საკეტი... აზრი აღარ ჰქონდა გაღება-არგაღებას, კარს რომ მიაწვებოდი, თავისით იღებოდა“.

ოჯახი ავლაბარში, კერძო სახლში ცხოვრობს. ნუცა ერემიანის თქმით, მისი ქმრის დასაკავებლად სამი ავტომობილით ოცი პოლიციელი მივიდა. მათ სახლს წრე შემოარტყეს. ერთ-ერთი საძინებლის ფანჯრის მხრიდან იყო მისული და ხელით, ფეხით, წიხლით აწვებოდა. კიდევ ერთი შავებში ჩაცმული ლაზერიანი ადამიანიც იდგა.

ყველაზე დიდმა ყელში მომიჭირა ხელი, სამართალზე თუ სწავლობ, არ უნდა იცოდე, ვინ უნდა დაიცვა და ვინ არაო? - მკითხა. 

„ოთხნი შემოვიდნენ, ყველაზე დიდმა ყელში მომიჭირა ხელი, სამართალზე თუ სწავლობ, არ უნდა იცოდე, ვინ უნდა დაიცვა და ვინ არაო? - მკითხა.

ჩემს ქმარს და მის დას წიხლებს ურტყამდნენ. ჩემს მულს თმებში მოკიდა ხელი ერთმა, ხელები გადაუგრიხა და საწოლიდან გადააგდო.

ანრი საცვლების ამარა გაათრია ექვსმა კაცმა, თან წიხლებს ურტყამდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი ირონიულად მე მეუბნებოდა, მოკლედ, სულ გმირებში ხართო, მამაჩემი აფხაზეთის ომის ვეტერანია - ვლადიმერ ერემიანი. ისიც წინა ხელისუფლების დროს აქციებზე დააკავეს“.

ქმრის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ცუდად გახდა, ტკივილები დაეწყო, ექიმთან მისულმა შეიტყო, რომ ორსულად იყო და სტრესისგან მუცელი მოეშალა.

ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ პროკურატურას ვიდეო და სამართალდამცველების ჩვენებები აქვს.

ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ფეისბუკის გვერდზეც გამოაქვეყნა, ჩანს შავ შარვალსა და ზედაში გამოწყობილი კაცი, რომელიც იგინება და შუა თითებს აჩვენებს პოლიციელებს. მოქმედება 2024 წლის პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ვითარდება.

კადრები საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან. გამოძიება ამტკიცებს, რომ ადამიანი მოლოტოვით ხელში ანრი კვარაცხელიაა.

კადრები საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან. გამოძიება ამტკიცებს, რომ ადამიანი მოლოტოვით ხელში ანრი კვარაცხელიაა.

„აქციაზე სამშენებლო ჩაფხუტი მეხურა, როცა გაზის კაფსულა მომხვდა, ორიენტაცია დავკარგე და ცუდად გავხდი, ამის შემდეგ გაღიზიანდა ჩემი ქმარი და ჩანს კადრებში, როგორც გამოხატა ეს“, - განმარტავს ნუცა.

მეორე კადრში ჩანს ისევ შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, მისი სახე არ გაირჩევა, ხელში უჭირავს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რომელსაც ცეცხლს უკიდებს და ისვრის. ამ დროს ის რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგას. პროკურატურის მტკიცებით, ეს ადამიანი ანრი კვარაცხელიაა.

„ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა, რომ ერთ კადრში ნამდვილად ანზორ კვარაცხელიაა და ამას არც ჩვენ უარვყოფთ. მეორე კადრში მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს სულ არ უჩანს სახე და ექსპერტი ამბობს, რომ ტანსაცმელი ჰგავსო. ეს საკმარისი მტკიცებულება ვერ იქნება“, - ამბობს ადვოკატი.

ანრი და ნუცა აქციებს მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა და მათ წინააღმდეგ ანგარიშსწორება დაიწყო. ნუცა ერემიანის თქმით, იქამდე სამსახურის გამო ვერ ახერხებდნენ, მაგრამ იმის მოთმენა, რაც ეკრანზე ნახეს, შეუძლებელი იყო.

„თავისუფლება ბრძოლაში მოდის და არა გულხელდაკრეფილ ბრძოლაში, გახსოვდეთ ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს“, - ეს ტექსტი ანრი კვარაცხელიამ ციხიდან გამოაგზავნა.

ის საკანში აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ვეფხია კასრაძესთან ერთად ზის.

გიორგი მინდაძე

გიორგი მინდაძეს პროკურატურა პიროტექნიკის სროლას ედავება

გიორგი მინდაძეს პროკურატურა პიროტექნიკის სროლას ედავება

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში, დედასთან ერთად ბიძაშვილთან იყო სტუმრად, როდესაც დააკავეს.

დედა, ნინო წულაია ვარაუდობს, რომ მას პოლიციელები მთელი გზა უთვალთვალებდნენ, როცა დრო იპოვეს, აიყვანეს კიდეც.

გიორგი მინდაძეს პროკურატურა სამართალდამცველებისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სასამართლოზე წარადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, სადაც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს ხელში, და ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა.

„პოლიციელი ჰყვება, რომ თითქოსდა იმ აურზაურში, რომელიც ხდებოდა, დაინახა, რომ გიორგი მინდაძემ ესროლა ფოიერვერკი. მისი გამოკითხვით ოქმით თუ ვიმსჯელებთ, მან დაზიანება მიიღო... ფოიერვერკი ხვდება თუ არა პოლიციელს, ან სად მიდის მისი ნასროლი ფოიერვერკი, ამის მტკიცებულება საქმეში არ არის“, - ამბობს ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი.

დაკავებისას გიორგი მინდაძის დედას, ნინო წულაიას პოლიციელებმა არ უთხრეს, სად მიჰყავდათ მისი შვილი. შვილის ძებნისას მან განყოფილებები მოიარა.

ნინო წულაია შვილთან, გიორგი მინდაძესთან ერთად

ნინო წულაია შვილთან, გიორგი მინდაძესთან ერთად

„როცა აიყვანეს, ხელი გვეკიდა ერთმანეთზე და ხელიდან გაგვწიწკნეს... რა მანქანითაც წაიყვანეს, იმას გამოვეკიდეთ, რომ ჩამოვედით წილკანის პოლიციაში, იქ უკვე გიორგი აღარ იყო, ვერ მოვითმინე, პოლიციელს ხელი მოვკიდე, სად არის ჩემი შვილი-მეთქი, მუხრანში წადიო, მუხრანში არ იყო, მცხეთაში გამაგზავნეს, იქ არ იყო, მცხეთიდან გამაგზავნეს ისანი-სამგორის პოლიციაში და იქ ღვთისნიერმა ადამიანმა გამცა პასუხი: დედა ხართ, დაწყნარდით, ახლავე გავიგებო და ამასობაში არასამთავრობომაც დამირეკა - თქვენი შვილი მესამე იზოლატორშიაო“.

ნინო წულაიამ ოჯახის ნათლული გიორგი მინდაძე შვილივით მას შემდეგ გაზარდა, რაც გიორგის დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. „არავინ ჰყავდა მომკითხველი და არც გიორგის ჰქონდა სურვილი სადმე წასულიყო, დედიკოსთან ახლოს უნდოდა ყოფნა და დარჩა“.

ნინო წულაია ამბობს, რომ მის შვილს სახელმწიფო სამაგალითოდ სჯის, ისევე როგორც აქციებზე სხვა დაკავებულებს. ის გიორგი მინდაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებში სხვა მშობლებთან ერთად მონაწილეობს.

„არცერთი პარტიის მიმართ კი არ იყო გიორგი განწყობილი პოზიტიურად და არც რომელიმე პარტიის სახეს წარმოადგენდა, ის იყო სტუდენტი და უნდოდა ევროპული საქართველო და არა უკან სვლა, ეს იყო მისი ენთუზიაზმი“, - ამბობს ნინო წულაია.

ადვოკატი ამბობს, რომ „სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ მტკიცებულებებით ადამიანის გამტყუნება შეუძლებელი იქნებოდა“.

დავით ლომიძე

53 წლის დავით ლომიძე პოლიციამ 2024 წლის პირველ დეკემბერს აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. ბრალი პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან 48 საათში დაუმძიმეს, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა სრულად ამოეწურა.

„48 საათის ამოწურვის შემდეგ, იზოლატორიდან ფეხი გამოაყოფინეს ამ ადამიანს, შემდეგ ეზოდან ისევ უკან შეაბრუნეს და უთხრეს, ახლა სისხლით ხარ დაკავებულიო. რეალურად გათავისუფლება არ მომხდარა“, - ამბობს დავით ლომიძის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი.

დავით ლომიძე

დავით ლომიძე

ლომიძეს ბრალად ედება პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ შედეგად „სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“.

დავით ლომიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2024 წლის 4 დეკემბერს მოსამართლე ნანა შამათავამ შეუფარდა. ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატის თქმით, ლომიძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად დევს ორი ვიდეოჩანაწერი და პოლიციელის პატაკი. პროკურატურამ თქვა, რომ დამატებით მტკიცებულებებს გამოძიების პერიოდში მოიპოვებდა.

ვიდეოში, ადვოკატის აღწერით, ჩანს ორი ადამიანი, რომლებიც ისვრიან ნივთებს, აქედან ერთი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილია. პოლიციელის პატაკში კი წერია, რომ დავით ლომიძის დანაშაულზე წყაროსგან შეიტყო.

„ასეთი წყაროს გადამოწმების საშუალება არა მხოლოდ ამ საქმეზე, არამედ არცერთ საქმეზე არ გვაქვს და არც სასამართლო იკლავს ხოლმე თავს მისი გამოკვლევით. ეს არის პოლიციელების მიერ ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულება, რომ გამოძიების გაგრძელების საფუძველი არსებობდეს“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს:

„ვიდეოში კი არ ჩანს, ვინ ისვრის მოლოტოვის კოქტეილს, იდენტიფიცირება შეუძლებელია. მტკიცებისას, რომ ის დავით ლომიძეა, ოპერატიულ ინფორმაციას ეყრდნობიან. დაზიანებული არავინ არაა. ვიდეომასალა საიდან მოიტანეს და როდინდელია, კაცმა არ იცის“.

დაკავების დროს, აქციიდან იზოლატორამდე, გზად, სხვა დაკავებულებით სავსე მიკროავტობუსში დავით ლომიძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ის ადვოკატს მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ ხელები ზურგს უკან ცალუღებით შეუკრეს, მიკროავტობუსში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ პროცესში მან ცალუღების გაწყვეტა მოახერხა და ხელები სახეზე აიფარა.

ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა განყოფილებაში.

გათავისუფლებას აპირებდნენ, თუ პოლიციასთან ითანამშრომლებდნენ და იტყოდნენ, რომ ნივთები პოლიტიკური ლიდერების დაკვეთით ისროლეს, რაშიც ფულიც აიღეს.

„გასათვალისწინებელია, რომ მათ გათავისუფლებას აპირებდნენ, თუ პოლიციასთან ითანამშრომლებდნენ და იტყოდნენ, რომ ნივთები პოლიტიკური ლიდერების დაკვეთით ისროლეს, რაშიც ფულიც აიღეს. დავით ლომიძის შემთხვევაში ცნობილი პოლიტიკოსების ან მათთვის საინტერესო უცნობი სახეების ფოტოები არ უჩვენებიათ. მას იზოლატორში გამომძიებლის დახმარებით ტელეფონით ელაპარაკა ვიღაც უცნობი ადამიანი. ის უსვამდა ტელეფონით კითხვებს“, - ამბობს ადვოკატი.

დაკავების შემდეგ, როცა მიკროავტობუსში სცემდნენ, სპეცრაზმელებმა დავით ლომიძეს პირადი ნივთები მოჰპარეს. მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, საფულე და საბანკო ბარათები. დაკავებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა უკვე გამოჰკითხეს, „თუმცა ამაზე მეტად საქმე წინ არ წასულა“, - ამბობს ადვოკატი.

თემურ ზასოხაშვილი

დავით ლომიძესთან ერთად იყო დაკავების მანქანაში 38 წლის თემურ ზასოხაშვილი. ისიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის ამოწურვის შემდეგ კი დავით ლომიძის იდენტური ბრალი წაუყენეს.

„პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“, - ვკითხულობთ ბრალის დასაბუთებაში.

ძლივს ახელდა ცალ თვალს, დალურჯებებითა და სისხლჩაქცევებით ჰქონდა სახე დაფარული. ფეხზე გამართულად დგომაც უჭირდა და ორ პოლიციელს ეკავა.

თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის აღკვეთის ღონისძიების სხდომა საქალაქო სასამართლოში ერთად ჩატარდა. მოსამართლე ნანა შამათავამ ზასოხაშვილსაც პატიმრობა შეუფარდა.

დიმიტრი ვარდიაშვილი, რომელიც თავდაპირველად ზასოხაშვილის ადვოკატი უნდა ყოფილიყო, იხსენებს, როგორ გადააწყდა სასტიკად ნაცემ ადამიანს იზოლატორში შეყვანისას და როგორ არ მისცეს მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს ნაცემი კაცი სწორედ თენგიზ ხაზოსაშვილი იყო.

„დაზიანებები ბევრნაირი ჰქონდა, როგორც ტანზე, ისე სახეზე, ძლივს ახელდა ცალ თვალს, დალურჯებებითა და სისხლჩაქცევებით ჰქონდა სახე დაფარული. ფეხზე გამართულად დგომაც უჭირდა და ორ პოლიციელს ეკავა.

ვინაობა ვკითხე და მეთქი - შენ გეძებდი. რა წამსაც გაიგეს, რომ ადვოკატი მოსული იყო, იმ წამსვე ჩაავლეს ხელი ამ ადამიანს და გააქანეს შენობისკენ, მთავარი შესასვლელისკენ. რა თქმა უნდა, გავეკიდე უკან - სად მიგყავთ, მეც მოვდივარ-მეთქი. შენ ვერ წამოხვალ, უფლება არ გაქვსო, საშვი უნდა დაუშვათ და ა.შ. ეს არის სისულელე, ხალხო, არ დაიჯეროთ“, - ამბობს ვარდიაშვილი.

ზასოხაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებაა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, სადაც მისი ადვოკატის, ირაკლი აბსანძის თქმით, ბრალდებულის ამოცნობა შეუძლებელია.

„20-30 მეტრის მანძილიდანაა გადაღებული, სახე არ ჩანს, პარლამენტის განათებები გამორთული იყო. ფეიერვერკები ხელსაც უშლის, არ ჩანს სახე“, - განმარტავს ის.

კიდევ ერთი მტკიცებულება გდდ-ს თანამშრომლის ამოცნობის ოქმია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველმა ზასოხაშვილი არა პირდაპირი წესით, არამედ ფოტოთი ამოიცნო.

გდდ-ს თანამშრომელი გამოკითხვის ოქმში ამტკიცებს, რომ მან დაინახა, როგორ ისროლა თემურ ზასოხაშვილმა მოლოტოვის კოქტეილი მათ მიმართ და არის დაზარალებულად ცნობილი. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში არაფერია ნათქვამი.

თემურ ზასოხაშვილი თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთ სასტუმროში ტექნიკური პერსონალია. ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ აქციებზე პროტესტის გამოსახატად დადიოდა.

საბა ჯიქია

18 წლის სტუდენტი, საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 7 დეკემბერს მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა“, - ამტკიცებს პროკურატურა.

ბრალმდებლებს აქვთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არტყამს, პარლამენტის წინ კიბეებზე, სავარაუდოდ, საბა ჯიქია წიხლს სამართალდამცველს. ამ დროს მას ხელში პრიალა საგანი უჭირავს.

„თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის, იდენტიფიცირებული არაა. ყოველ შემთხვევაში ამ საგანს ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს. საბა ჯიქიას კონკრეტულად ედავებიან, რომ ფეხი ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს სხეულის არეში. თუმცა ბრალდების მხარემ სხდომაზე ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირაო და დანის გამოყენებით თავდასხმა, ძალიან ბევრჯერ აღნიშნა, რომ დანის გამოყენებით თავდასხმა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მსგავსი არაფერი არ ფიგურირებს“, - განმარტავს ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი.

საბა ჯიქიამ 2024 წლის 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და ოჯახის წევრებს მოუბოდიშა. „რაც ჩა­ვი­დი­ნე, მარ­თლა ცუ­დია, ვნა­ნობ. ორი პა­ტა­რა და მყავს“, - გა­ნა­ცხა­და ჯი­ქი­ამ. ოჯახი მედიასთან კომუნიკაციაზე ამ ეტაპისთვის უარს ამბობს.

საბა სხვიტარიძე

საბა სხვიტარიძე

საბა სხვიტარიძე

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს გვიან ღამით რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად მის გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი ე.წ, ტიტუშკები იყვნენ, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულმა 14 იანვარს დაზარალებულის სტატუსი მიიღო. ის ჩივის, რომ პოლიციელები დაკავების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

25 დეკემბერს სხვიტარიძის ფეისბუკზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს, 4 დეკემბერს, და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.

  • „მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი“.
  • „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ეს ბიჭები თავისი საქმის "ექიმები" არიანო, ამ ქალაქში ასე "პროფესიონალურად" საქმეს არავინ ასრულებსო“.

საბა სხვიტარიძე საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით რამდენჯერმე ცნო სამართალდამრღვევად „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნების შემდეგ დაწყებული აქციებიდან მოყოლებული დღემდე. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. 2024 წლის 17 ნოემბერს, ის დროებით დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ედავებოდნენ გზის ხელოვნურად გადაკეტვას. პროცესები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმ დროს გაიმართა, როცა საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით დაკავებული იყო და პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2500 ლარით დააჯარიმა.

მათე დევიძე

მათე დევიძე სასამართლო პროცესზე

მათე დევიძე სასამართლო პროცესზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დემონსტრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ნოემბერში გამართულ საპროტესტო აქციებზეც დააკავა.

პირველი ასეთი ბრალდებული, რომლის ფოტოებმაც საერთაშორისო მედია მოიარა, მათე დევიძეა, 20 წლის სტუდენტი. ის პოლიციელებმა მელიქიშვილის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. იქ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით კარვები იყო გაშლილი და მოქალაქეები ღამეს ათევდნენ.

პროკურატურა მათე დევიძეს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მათ დაზარალებულის სტატუსი აქვთ, ესენი არიან:

  • გიორგი ესტატიშვილი
  • ბიძინა ჟამერაშვილი
  • ლევან კორელაშვილი.

ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები, რომლებსაც „არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა“.

თუმცა, ორი დაზარალებული პოლიციელის სამედიცინო ბარათში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ჩაწერეს, რომ მათ შუბლი, ლოყა და ხელი ჰქონდათ დაზიანებული.

რაც შეეხება მესამე პოლიციელს, მისი დაზიანებების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. სამივე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებების შესასწავლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმის პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ვერ დაასახელა, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები მიიღეს მათ: „მე ექსპერტი ხომ არ ვარ?“, - ეუბნება ის ჟურნალისტებს.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, მათე დევიძე წვრილ ჯოხს უქნევს პოლიციელებს, თან უკან იხევს და გაქცევას ცდილობს. ამ დროს აკავებენ მას პოლიციელები.

ვიდეოკადრები, რომლებსაც პროკურატურა ავრცელებს, სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ გადაღებული მასალიდანაა ამოღებული.

მათე დევიძეს სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს, მისი პოზიცია ადვოკატებმა გაახმოვანეს, რომ მას შეეშინდა პოლიციელების აგრესიის, მოლოდინი ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, ამიტომ ჯოხი თავდაცვის მიზნით, ინსტინქტურად მოიქნია.

„ადამიანი არის 20 წლის, მოხალისედ იქ მისული, არ აქვს რაიმე პოლიტიკური დატვირთვა მის იქ მისვლას. რა თქმა უნდა, რომ მას იქ შეეშინდებოდა და რა თქმა უნდა, მას ექნებოდა თავდაცვის რეფლექსი, რაც მან გააკეთა.

რაც შეეხება იმას, რომ ის იყო აგრესიული, გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას, ამაში არ დავეთანხმებით ბრალდების მხარეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირიქით, ადგილზეა ბრალდებული, ვხედავთ მის ფიზიკურ მონაცემებს, არ არის საჭირო, ასეთი ადამიანის დასაკავებლად გამოეყენებინათ 8-9 პოლიციელი, არ იყო საჭირო ალყის შემორტყმა, დაჩოქება და ასეთ ვითარებაში დაკავება“, - თქვა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

ზუსტად 3 წუთი დასჭირდა მოსამართლე დავით კუპატაძეს, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება დარბაზიდან გაუსვლელად, ადგილზე თათბირით მიიღო.

თავად სასამართლო სხდომა, სადაც 22 ნოემბერს მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა, ზუსტად 25 წუთს გაგრძელდა. წინასასამართლო სხდომა 16 იანვარსაა ჩანიშნული.

ანატოლი გიგაური

ანატოლი გიგაური

ანატოლი გიგაური

არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 44 წლის ანატოლი გიგაური პოლიციამ 24 ნოემბერს, გვიან ღამით, თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლის მიმდებარედ დააკავა იმ დროს, როცა გიგაური აქციიდან სახლში საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა.

ანატოლი გიგაურს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ტელეკომპანია „იმედმა“ დაკავების ღამით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს. მოქმედება რუსთაველის გამზირზე ვითარდება, პიკაპებით საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს.

დაკავებულის მონათხრობით, თავდაპირველად პოლიციელმა დაარტყა სახეში მუშტი, როცა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მსვლელობას მიჰყვებოდა. მან გააჩერა პოლიციელი და ძალადობის მიზეზი ჰკითხა, პასუხად პოლიციელმა შეაგინა და კიდევ ერთხელ მოუღერა ხელი.

„იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეოში ისმის ანატოლი გიგაურის ნათქვამი სიტყვები: რატომ დამარტყი?

„პოლიციელს ხელი ვკარი, რათა თავიდან მომეშორებინა. ამ ფაქტიდან ნახევარ საათში, სახლისკენ მიმავალი დამაკავეს“, - ამბობს გიგაური.

პოლიციელებმა მის მანქანას ალყა ვეფხის და მოყმის ძეგლის მიმდებარედ შემოარტყეს. გიგაური აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე მოჰყვა, რომ კარი გააღო, გადმოვიდა და ხელები საპატრულო მანქანის საბარგულზე დააწყო ნიშნად იმისა, რომ წინააღმდეგობას არავის უწევდა. ამის მიუხედავად, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილს, რომელმაც მას პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, გზად, პოლიციელები ცდილობდნენ, მისთვის სისხლდენა შეეჩერებინათ.

„მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ურეკავდნენ ჩემ გვერდზე მჯდომს, ეკითხებოდნენ, სისხლი თუ შეუწყვიტეთო...

შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, მკითხეს, კაცურად გვითხარი, რა მოხდაო. სისხლზე ვანიშნე, ეს მოხდა-მეთქი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რაზეც უარს ვაცხადებდი“, - თქვა ანატოლი გიგაურმა.

ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ მიმართა მოთხოვნით, მიეწოდებინათ მისთვის ანატოლი გიგაურის ეპიზოდის სრული ვიდეოჩანაწერი, რაზეც უარი მიიღო, თუმცა გამომძიებლებს შავი მასალა გადასცა.

„გამომძიებელმა გაგვიცვალა მტკიცებულებები და იქ ჩანს, რომ პოლიციელი ხელს ურტყამს ანატოლი გიგაურს და გიგაურის მოქნეული ხელი არის თავდაცვა“, - ამბობს ადვოკატი.

ანატოლი გიგაური საპროტესტო აქციებზე ქარელიდან დადიოდა. ის ოჯახს სოფლის მეურნეობით არჩენდა. დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერის გამოსახატად ანატოლი გიგაურის ოჯახის მოსავალი იყიდეს.

ასევე ნახეთ:

სრულად წაკითხვა