არასამთავრობოები: სამოქალაქო სექტორი გმობს აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დარბევას

2 weeks ago 13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და ოცზე მეტი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, საქართველოს სამოქალაქო სექტორმა მკაცრად დაგმო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი უკანონო დაპატიმრებები, რომლებიც ძალის გადამეტებული გამოყენებით განხორციელდა. ორგანიზაციები 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რეფორმირებას და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

„ივანიშვილის პრემიერ მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა რეპრესიები და დღეს უკვე ამ დავალების სისრულეში მოყვანაში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გასათელად და საქართველოს მოქალაქეების დასაშინებლად, რათა მათ შეწყვიტონ რუსული კრიმინალური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – ნათქვამია განცხადებაში პოლიციის მიერ 4 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენლების და აქტივისტების ჩხრეკასა და დაკავებებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციები საერთაშორისო პარტნიორებს სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ და მოუწოდებენ მათ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები და ინდივიდუალური სანქციები დაუწესონ ძალადობის ჩამდენ, დამკვეთ და პასუხისმგებელ პირებს.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს ევროპული ორბიტა; საფარი; დემოკრატიის მცველები; სამოქალაქო იდეა; სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი; ყვარლის ევროკლუბი; პროაქტივ ჯგუფი საქართველო; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს მომავლის აკადემია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; პრევენცია პროგრესისთვის; უფლებადამცველთა გაერთიანება; ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; ღია სივრცე კავკასია; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” – RICDOG მედიის განვითარების ფონდი; კანონის უზენაესობის ცენტრი.

დარბევა საქართველოში 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებას მასობრივი პროტესტი მოყვა. სპეცრაზმმა მშვიდობიან დემონსტრაციებს გადაჭარბებული ძალით უპასუხა, რასაც თან ახლდა აქციის მონაწილეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მასობრივი დაპატიმრებები. 4 დეკემბერს, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტისა და პოლიტიკოსის ოფისებსა და სახლებში რეიდები ჩაატარა. ბევრი მათგანი ან დააკავეს, ან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 4 დეკემბერს განაცხადა, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებმა გამოავლინა ფართო პოლიტიკური დისკრიმინაცია, წამება და ტანჯვა და დასძინა, რომ ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ყველა ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა