აქციაზე ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე 2000-ლარით დააჯარიმეს

1 week ago 4

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა პროევროპულ აქციაზე ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

შსს მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი (რუსთაველის გამზირის დატოვების შესახებ მოწოდების) დაუმორჩილებლობას, ასევე პოლიციელების შეურაცხყოფას ედავებოდა. მოუხედავად იმისა, რომ ტიტვინიძე ორივე ფაქტს უარყოფს, მოსამართლემ დაეყრდნო მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებს და ის დააჯარიმა.

ეს პოლიციელები იყვნენ ვახტანგ ქვლივიძე და ანტონ ძიძიკაშვილი. მათ ჩვენებების ის ნაწილი, სადაც აქციაზე მიმდინარე ზოგად სიტუაციას აღწერდნენ ერთმანეთის იდენტური იყო, უშუალოდ ტიტვინიძის დაკავების ნაწილში კი – ურთიერთგამომრიცხავი. რაც შეეხება ისეთ დეტალებს – რა ეცვა დაკავებულს, ეკეთა თუ არა სათვალე ან ნიღაბი, ჰქონდა თუ არა ჩანთა, რა ფერის იყო მისი ნივთები და ტანსაცმელი და ა.შ. მოწმე პოლიციელებს არ ახსოვდათ, ან არასწორად ახსოვდათ.

მაგალითად, ტიტვინიძეს ეკეთა სათხილამურო სათვალე, ასევე ნაჭრის ნიღაბი სახის დასაფარად – ეს გამოჩნდა იმ ვიდეო-მტკიცებულებებში, რომელიც მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს. გარდა ამისა, ტიტვინიძის მეგობრებმა, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ, დაადასტურეს, რომ მას სათვალე და ნიღაბი აქციაზე ყოფნის განმავლობაში არ მოუხსნია. მისი დამკავებელი პოლიციელები კი ამტკიცებდნენ, რომ მას არცერთი ეს ნივთი თან არ ჰქონია. უფრო მეტიც, პოლიციელების თქმით შორიდან, ბევრ ხალხში გამოარჩიეს და დაიმახსოვრეს ტიტვინიძე, რომელიც, მათი თქმით, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას – ეძახდა “რუსო”, “მონებო” და “დედის მიმართულებით იგინებოდა პოლიციელების მიმართ”.

ურთიერთგამომრიცხავი იყო პოლიციელების ჩვენებები მათსა და ტიტვინიძეს შორის დაახლოებითი მანძილის, აქციაზე მყოფი მოქალაქეთა რაოდენობის, დაკავების ადგილის შესახებ. მაგალითად, ისინი ამბობდნენ, რომ საკმარისად ახლოს იყვნენ ტიტვინიძესთან იმისთვის, რომ გაეგოთ მისი გინების ხმა. თუმცა, პარალელურად ამტკიცებდნენ, რომ აქცია იმდენად ძალადობრივი იყო, რომ ისინი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე დემონსტრანტებთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ტიტვინიძის დაკავება გდდ-ს (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) დაავალეს.

გარდა ამისა, ისინი ამტკიცებდნენ რომ იდგნენ ჭიჭინაძის ქუჩაზე, სპეცრაზმელების კორდონთან ახლოს და იქიდან უყურებდნენ ტიტვინიძეს, რომელიც ქაშვეთის მიმდებარედ იმყოფებოდა. სინამდვილეში, ტიტვინიძე სასტუმრო “თბილისი მერიოტის” გვერდით დააკავეს. ეს ჩანს TV პირველის კადრებშიც, რომელმაც ტიტვინიძის დაკავება გადაიღო. შემთხვევა 30 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა.

როგორც ავთანდილ ტიტვინიძე ჰყვება, ის გორიდან თბილისში იმ განზრახვით ჩამოვიდა, რომ საკუთარი მცირე ბიზნესისთვის [ბავშვთა გასართობი ცენტრი] საახალწლო ინვენტარი ეყიდა ლილოში. ბაზრობაზე მისვლას მისი გახსნისთანავე, დილის 7 საათიდან აპირებდა. გამომდინარე იქიდან, რომ მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ დროს გორიდან ლილოში ჩასვლა გაუჭირდებოდა, გადაწყვიტა წინა საღამოს წამოსულიყო და ღამე აქციაზე გაეტარებინა. მისი თქმით, მას აინტერესებდა რა ხდებოდა აქციაზე, ვინ იყვნენ აქციის მონაწილეები, რა განწყობები ჰქონდათ მათ და ა.შ.

ის რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით მივიდა და რამდენიმე საათის შემდეგ, გამთენიისას, წასვლა გადაწყვიტა. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, რუსთაველის მეტროსკენ მიმავალმა შეამჩნია, რომ საპოლიციო ძალები მოქალაქეებისკენ სამი მხრიდან მოდიოდნენ, რის გამოც ატყდა პანიკა და ჭყლეტა. მისი თქმით, ამ მოქმედების დაწყებამდე არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება ან მოწოდება ტერიტორიის დატოვების შესახებ, ამიტომ სამართალდამცველთა აგრესიული მოქმედებები მოქალაქეებისთვის მოულოდნელი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიღბიანმა პოლიციელებმა გააკეთეს კორდონი და ალყაში მოქცეულ მოქალაქეებს მოუწოდეს, დაეტოვებინათ ტერიტორია. ავთანდილ ტიტვინიძემ, მეგობრებთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად გამოიარა კორდონი და ქუჩის გადაჭრა განიზრახა, რათა აგრესიულ პოლიციელებს მოშორებოდა და ისე გაეგრძელებინა გზა. ის სწორედ ამ დროს დააკავა რამდენიმე პოლიციელმა და სპეცრაზმელმა.

როგორც ტიტვინიძე ამბობს, ის ძალის გამოყენებით დააკავეს, მაგრამ იქამდე, სანამ ისინი მედიისა და სხვა მოქალაქეების გარემოცვაში იყვნენ, მასზე ფიზიკურად არ უძალადიათ. მას შემდეგ, რაც პოლიციის მიკროავტობუსთან მიიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირი გაუტყდა ხელკეტის დარტყმის შემდეგ. იმ პოლიციელებს, რომლებმაც სასამართლოზე მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, დაკავებიდან მხოლოდ 1 საათის შემდეგ გადააბარეს.

იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ტიტვინიძე მოინახულა ექიმმა, რომელმაც ჩათვალა რომ მას სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდა. ტიტვინიძე იზოლატორში გატარებული თითქმის ორი დღის განმავლობაში მუდმივად მოითხოვდა მის კლინიკაში გადაყვანას, თუმცა – უშედეგოდ. 2 დეკემბერს ის იზოლატორიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს. სხდომაზე მან გონება დაკარგა და სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. სხდომა გადაიდო.

დღეს, 13 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ტიტვინიძის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობა წარადგინეს. თუმცა, მოსამართლემ მათ განუმარტა, რომ ის არა ტიტვინიძეზე ფიზიკური ძალადობის, არამედ მის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა.

სხდომაზე, როცა თავად ტიტვინიძე ან მისი ადვოკატები ყურადღებას ამახვილებდნენ სამართალდამცველების მხრიდან მასზე ძალადობის, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებზე, მოსამართლე მათ აწყვეტინებდა და მიუთითებდა, რომ ეს მას არ ეხება, რომ ამისთვის დასადასტურებლად გამოძიებაა საჭირო, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, რომ თავად მხოლოდ იმას განიხილავს, წინააღმდეგობა გაუწია თუ არა ტიტვინიძემ პოლიციელთა მოთხოვნას და მიაყენა თუ არა მათ შეურაცხყოფა.

სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი სათათბიროდ გავიდა, დაახლოებით 15 წუთში უკან დაბრუნდა, ტიტვინიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

სრულად წაკითხვა