აქციების რვა დღის თავზე დაკავებულია 338 პირი - მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან

2 weeks ago 5

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

მათგან 5 – 6 დეკემბრის ღამეს დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებულებს სამართალდამცავების ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

დაკავებულების სასამართლო პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაკავებულების ნაწილს მოსამართლეები ადმინისტრაციულ ჯარიმას, ნაწილს კი ადმინისტრაციულ პატიმრობას აკისრებენ.

დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მძიმე დაზიანებები ეტყობა მათ როგორც სახეზე ისე სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო სხდომებს დაკავებულები სისხლიანი ტანსაცმლით ესწრებიან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

სრულად წაკითხვა