“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა.
თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსული ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ “ოცნება” მათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამოსწორებას და ვითარების დასტაბილურებას დაჰპირდა.
“დაგვარწმუნა პრემიერმა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი, სულ მალე მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების ამერიკასთან იანვარში და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად […]. ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი სიტუაციის ნორმალიზებისკენ მიდის”, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ადამიამ, “არქის” პარტნიორი კომპანიის, სამშენებლო მასალების მწარმოებელი “იტონგ კავკასუსის” დირექტორმა.
კითხვას, როგორ უნდა მოხდეს “გადატვირთვა” ან “სიტუაციის ნორმალიზება” , ადამიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის თქმა, რომ კობახიძემ “მოიყვანა არგუმენტები და დაგვარწმუნა”.
“რაც მოვისმინეთ, დავრწმუნდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი, რუსეთისკენ არავინ არ მიდის, არ მიჰყავს ქვეყანა […] როგორ მივდივართ და გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. მშვიდობა იქნება. ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან მალე დარწმუნდებით”, – განაცხადა ადამიამ.
რაც შეეხება ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ მოთხოვნას, რომელიც არის შექმნილი კრიზისის ერთ-ერთი გადაწყვეტა, დიმიტრი ადამიანია, ამის საჭიროებას გამორიცხავს.
“არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ. არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, არცერთ დასკვნაში. შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება […] ყველანი შევალთ ვეროპაში ღირსებით”, – განაცხადა ადამიამ.
ბევრად უფრო კრიტიკული იყო “თბილღვინოს” დამფუძნებელი, გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, შეხვედრაზე როგორც მან, ისე სხვა ბიზნესმენებმაც დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება შეცვლილი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. გარდა ამისა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული პერსპექტივის მხარდამჭერ აქციებზე ბევრი ადამიანი გამოდის და “ქართული ოცნების” ლიდერების მანიპულაცია დემონსტრანტთა რაოდენობის შესახებ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად აბრაზებს.
მარგველაშვილი ამბობს, რომ შექმნილი კრიზისის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. როგორც მარგველაშვილმა თქვა, იგივე პოზიცია შეხვედრაზეც დააფიქსირა და დაამატა, რომ კრიზისის განმუხტვის საშუალება შეიძლება იყოს პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.
“საკმაოდ ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა, როგორც ამ საპროტესტო აქციების შეფასებებთან დაკავშირებით – იქ საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხის იკრიბება და განცხადებები, რომ თითქოს იკრიბება მხოლოდ 800 და 1000 კაცი, ეს საზოგადოებას აღიზიანებს და პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს. ასევე იყო კრიტიკული აზრები გამოთქმული შეცვლილი კურსის შესახებ – რა რისკებთან არის ეს დაკავშირბეული და რომ ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. კრიზისიდან გამოსვლისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია გადადგას სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ეს არის, პირველ რიგში, გათავისუფლება დაკავებულებს და ხელახალი არჩევნები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, რა პასუხი მიიღო მან კობახიძისგან, კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ “საკმაოდ ხანგრძლივი პასუხები მივიღეთ”.
მარგველაშვილისგან აბსოლუტურად განსხვავებული შთაბეჭდილებებით დატოვა შეხვედრა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ნოშიკო ნამორაძემ. ის ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე კრიტიკული მოსაზრება არცერთი ბიზნესის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია. გარდა ამისა, მან გააგრძელა “ქართული ოცნების” რიტორიკა იმ შეთქმულების თეორიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა პროტესტის უკან გარე ძალები დგანან და სინამდვილეში ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.
“ქვეყანა 12 წელია სწორად მისი. რაღაც გადახვევა არ ყოფილა, პრეტენზია არავის არ ჰქონია – ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს […] აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული, სცენარი არის დაწერილი ჩვენ ფარგლებს გარეთ […] ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს. იცით თქვენ ვისზეც ვიძახი. კონკრეტულად ოპოზიციას და იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას, რომ დღეს, მაგალითად, ჩვენ, მთავრობას, ხელისუფლებას გვაბულინგებენ, რისთვის? ვითომ, ჩვენ გვინდა სხვა კურსი. აქ უნდა მშვიდობა ყველა,ს რაც განაცხადა პრემიერმაც. რაც განაცხადა თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კაი საუბარი შედგა”, – ირწმუნება ნამორაძე.
ის, რომ ბიზნესმენთა ნაწილმა კრიტიკული პოზიციები დააფიქსირა და კობახიძე მათთან კიდევ გეგმავს შეხვედრებს დაადასტურა “ჰეშბანკის” დამფუძნებელმა, ლაშა პაპაშვილმაც. ის დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნას ეთანხმება, თუმცა, არ იზიარებს მარგველაშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურს ევროკავშირიდან რუსეთისკენ არის გადახრილი.
“მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ საახალწლოდ დაუბრუნდნენ ისინი თავიანთ … თუ ძაან რაღაცა კრიტიკული არ არის. ესეც საჩვენებელია ხალხისთვის და დაგვპირდნენ, რომ გვაჩვენებენ რა დანაშაული კონკრეტულად … ვიდეო-ჩანაწერები არსებობსო და დაინახოს საზოგადოებამ. თუ ვინმეს არ გაუშვებენ [ციხიდან], უნდა იყოს ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის მისაღები მიზეზით […]
მოთხოვნები იყო, რომ უნდა შემცირდეს ეს დისტანცია ყველა ქვეყანასთან. ცუდად განწყობილია, კარგად განწყობილია, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავახლოვდეთ. ერთადერთი, რაც უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ ვერ ხედავს უმრავლესობა, რომ ეს მთავრობა შორდება ევროპას, თორემ რუსეთში ჩვენ ვერ გავყვებით ვერავის. უკან აღარ გვინდა”, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
“ტავ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, თეა ზაქარაძემ თქვა, რომ ირაკლი კობახიძისგან ყველა იმ კითხვაზე მიიღო პასუხი, რაც ბიზნესს ვნებს. თუმცა, მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ახალი არჩევნების დანიშვნაზე.
“ყველა ის საკითხი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მნიშვნელოვანი, იყო განხილული და ყველა ჩვენს კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხები. პრემიერ შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს, რაც ძალიან ვნებს ბიზნესს”, – განაცხადა ზაქარაძემ.
არჩევნებზე არა, თუმცა პროევროპული აქციების მონაწილეთა გათავისუფლებაზე რომ იყო საუბარი, ეს ზაქარაძემაც დაადასტურა. მან თქვა, რომ კობახიძემ დაკავებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებას პირობა დადო.