აქციების საქმეების მოსამართლე: "არ ვყოფილვარ რუსთაველზე გუშინ, გუშინ წინ... მირჩევენ არ გავიდე, რას ჰგავს რუსთაველი".

2 weeks ago 15

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რევაზ ხაბელაშვილს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავერბიან. (ადმინისტრაციული სამართარღვევეთა კოდექსის 173-ე მუხლი)

მიუხედავად იმისა, სასამართლოში რომ საქმის განხილვის დასასრულს შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ თქვა: "მისივე [დაკავებულის] განმარტებით, რომ სხვა მიზნით იყო მისული ადგილზე, ვთვლი რომ თუ მოსამართლე გამოიყენებს სახდელს ეს სახდელი იყოს მინიმალური, თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ. პატიმრობა არ არის შესაფერისი, ჯარიმასთან დაკავშირებით მინიმალური უნდა იყოს თუ, რა თქმა უნდა, სასამართლო ჩათვლის რომ უნდა იყოს გამოყენებული".

მოსამართლემ იურისტს უსაყვედურა: "არც მწვადი დავწვათ და არც შამფურის პრინციპით უკაცრავად, მაგრამ სასამართლოში ვერ მობრძანდებით. თუ არ შეგიძლიათ პოზიციის დაფიქსირება თქვით, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს, თუ შეგიძლიათ პოზიციის დაფიქსირება მაშინ თქვენს პოზიციაში უნდა იყოს, პატიმრობა - დიახ, სახდელი - დიახ".

დაკავებულმა სასამართლოზე თქვა, რომ აქციის მონაწილე არ ყოფილა, ის მივიდა რუსთაველზე, რადგან მეგობარმა დაურეკა და გაყვანა სთხოვა. მისვლიდან 10 წუთში კი დააკავეს. ხაბელაშვილის თქმით, არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა და თავად პოლიციამ დართო ნება, ორი მეგობარი, აქციიდან წაეყვანა.

ამაზე პასუხად მოსამართლემ თქვა:

"რით ადასტურებთ ამ ყველაფერს? - გზის სავალ ნაწილზე იდექით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაგაკავეს, გოგოებთან მიხვედით, ისინი გამოგყავდათ, ოთხი დღეა მიდიხართ აქციაზე, სადაც ყოველ დღე ისმის "მოქალაქეებო დაიშალეთ", ტელევიზორს უყურებთ? მე გაცნობიერებული ვარ, ნანახი მაქვს კადრები, ვუყურებ, რადგან ჩემს საქმეს ეხება, ვიხილავ ამ საქმეებს და გაცნობიერებული უნდა ვიყო, შეფასების უნარი რომ მქონდეს. თქვენ 28 ნოემბერს დაწყებულ აქციაზე 2 დეკემბერს მიდიხართ და მეუბნებით ქალბატონებს უნდა შევხვდე და წამოვიყვანოო. ხედავთ რომ ადამიანები დაშავდნენ, პოლიციელები მოქალაქეები დაშავდნენ, ზოგს თავში ქვა მოხვდა, ვხედავთ, ხომ როგორი დაზიანებები მიიღეს. ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ ქალის გულისთვის რას არ გააკეთებს კაცი, მაგრამ ხომ უნდა დადასტურდეს, რომ გამოჩნდეთ თავდადებულად? მიდიხართ ასეთ ცხელ წერტილში, მანდ კი არა ძვირფასი ადამიანი გულისთვის ომში წავალ. მე მგონია, რომ თუ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით ადამიანის უსაფრთხოების მიზნით, ეს ღირსეული ნაბიჯია, მაგრამ უნდა ვნახოთ იყო თუ არა ეს დადასტურებული. თუ არ დასტურდება ჩნდება დიდი კითხვა:

- რა გინდოდათ იმ აქციაზე, რატომ მიხვედით იმ აქციაზე, სადაც ისმის "დაიშალეთ". კონსტიტუციური უფლება აქვთ სამართალდამცველებს თუ აქცია მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს შეწყვიტოს შეკრებაო. იქ სასწრაფო იყო, მოქალაქეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, სასწრაფო ეხმარებოდა, ხედავდით რომ გადაყავდათ, თუ ვერ დამიდასტურეთ თქვენი იქ ყოფნის საჭიროება სხვების დასახმარებლად, მაშინ რა გინდოდათ იქ. ვხედავთ ქვების სროლას, პიროტექნიკის გამოყენებას, თქვენ ამას არ გედავებიან, მაგრამ თქვენ დგახართ ამ ხალხის გვერდზე და უმაგრებთ მხარს. ზოგი უმოქმედოა, ზოგი ახორციელებს მოქმედებას პოლიციას უნდათ რომ დაიშალონ. თუ ადამიანი დგას იქ ე.ი. მასა ჩანს. მასას ქმნიან, რა მასას ქმნიან? ძალადობის სახე რომ გამოიხატოს? კიდევ გეუბნებით, თქვენ რომ დამიდასტუროთ

მე როგორც ერთი ქართველი და ამასთანავე მისამართლე, ჩვენი ფასეულობების ტრადიციების პატივისმცემელი, ვეფხისტყაოსნის სამშობლოში დაბადებული მე ამ გარემოებას ნამდვილად გავითვალისწინებდი, თუ არა და...".

სასამართლოზე დაიკითხა ორი პოლიციელი, გიორგი ჩოჩიშვილი და ბექა ჩუბინიძე. ორივემ თქვა, რომ გაიგონეს როგორ იგინებოდა რევაზ ხაბელაშვილი, თუმცა ისიც თქვეს, რომ სპეცრაზმის ათამდე კორდონის უკან იდგნენ და ისეთი ხმაური იყო დემონსტრანტები პოლიციელების გაფრთხილებას ვერ გაიგენებდნენ და ამიტომ ხმის გამაძლერებლიან ქალის ხმოვანი შეტყობინება ისმოდა.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონია" - თქვა მოსამართლემ.

მანუჩარ ცაცუამ რევაზ ხაბელაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილება დაასრულა სიტყვებით: "მე არ ვყოფილვარ რუსთაველზე დღეს, გუშინ, გუშინ წინ... როგორც მირჩევენ არ უნდა გავიდე, რას ჰგავს რუსთაველი".

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. 3 დეკემბერს დაკავებული კიდევ ერთი ადამიანისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია.

სრულად წაკითხვა