საზ.მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მოითხოვს, შუადღის ეთერი ფილმების ნაცვლად დისკუსიებს დაეთმოს

4 hours ago 2

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლების ნაწილი მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიებს დაეთმოს.

ამ მოთხოვნით პირველი არხის სხვადასხვა გადაცემის წამყვანებმა, რეჟისორებმა თუ პროდიუსერებმა, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც მათ აღნიშნეს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რისთვისაც მას როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსიც აქვს.

“ამ არხის ეთერებიდანაც ხშირად ამბობენ, რომ საზოგადოებაში არის პოლარიზაცია, მედია არის პოლარიზებული. თეორიულად, ყველა შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთ პროცესებში განსაკუთრებული როლი აქვს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არის ის, რასაც ვხედავთ ეთერში. დღის განმავლობაში ეთერში გადის ფილმები, რომლებსაც არ აქვს კავშირი იმ რეალობასთან, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ. ჩვენ ვითხოვთ, გაიხსნას დღის ეთერი და მთელი დღის განმავლობაში დისკუსიებით, მსჯელობით მოვახერხოთ ის, რომ შევასრულოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია”, – თქვა “რეალური სივრცის” რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ.

გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, თანამშრომლები შეხვდნენ არხის ხელმძღვანელობას და განუმარტეს, თუ რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ დღის ეთერები დისკუსიებს დაეთმოს.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი თავიდან ბოლომდე უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, პრობლემებს. როცა დღეს ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, ოცდაოთხსაათიან მაუწყებლობას უნდა სთავაზობდეს პირველი არხი მოსახლეობას. მე თუ მკითხავთ, ერთადერთი, რაც საჭიროა, არის ნება იმისთვის, რომ საზ. მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში ჩადგეს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და ყველაფერი შევთავაზეთ მათ, რა საშუალებები გვაქვს, იმისთვის, რომ საზოგადოებას მოვემსახუროთ. ერთადერთი რამ რჩება – ნება. ამ ნების შემთხვევაში, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს”, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

“მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ ჩიქოვანის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ მაშინ გადადის ხოლმე საგანგებო რეჟიმში, როდესაც სახელმწიფო თავად აცხადებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას.

“სამწუხაროდ, ვრჩები იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც მე საჯაროდ დავაფიქსირე. პირველი არხი აცხადებს, რომ ჩვენ ვმაუწყებლობთ საგანგებო რეჟიმში. ერთადერთი დრო, როდესაც მაუწყებელი საგანგებო რეჟიმში გადადის არის მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავად აცხადებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ მინიმუმ დღეში სამჯერ, დამატებით, შევასრულოთ ის, რასაც საგანგებო ეთერი ჰქვია”, – აღნიშნა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

რუსთაველის გამზირზე, 28 ნოემბრიდან დღემდე, მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად, მოქალაქეები აქციებს მართავდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ისინი მოითხოვდნენ, მაუწყებლის ეთერი დათმობდა საზოგადოებას – სრულად და ობიექტურად გაშუქებულიყო ის მოთხოვნები, რაც ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს აქვს. გარდა ამის, მოთხოვნებს შორის იყო მენეჯმენტის გადადგომა.

ეს უკანასკნელი მოთხოვნა შეუსრულებელია, თუმცა მოქალაქეების პროტესტმა ეთერის დათმობასთან დაკავშირებით შედეგი გამოიყო – მაუწყებელი “საგანგებო ეთერის” სახელწოდების ფორმატში, პერიოდულად, საღამოს საათებში, დროს უთმობს პროტესტის მონაწილეებს.

სრულად წაკითხვა