სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
წარმომადგენელთა პალატამ 9 იანვარს მიიღო კანონპროექტი არალეგიტიმური სასამართლოს საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ის ითვალისწინებს ნებისმიერი უცხოელის სანქცირებას აშშ-ის და მისი მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის, დაკავების, ან დაპატიმრების გადაწყვეტილებისთვის ისეთ სასამართლოებში, რომელთა შემადგენლობაში ეს ქვეყნები არ არიან.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 243-მა წევრმა - 198-მა რესპუბლიკელმა და 45-მა დემოკრატმა. წინააღმდეგი იყო 140.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ ამერიკა ამ კანონს იღებს, რადგან უკანონო სასამართლო შეერთებული შტატების დიდი მოკავშირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებას ცდილობს.
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ისევე, როგორც კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, სადაც კანონპროექტს კენჭს უახლოეს ხანში უყრიან და ხელმოსაწერად ინაუგურაციის შემდეგ გაუგზავნიან რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის ნოემბერში გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.
ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
ისრაელი და აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ.