აშშ კუბას აღარ მიიჩნევს ტერორიზმის მხარდამჭერად, ჰავანა კი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს

16 hours ago 2

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 14 იანვარს კონგრესს აცნობა გადაწყვეტილება, რომ კუბა აღარ ითვლება ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია სიტუაციის შესწავლის საფუძველზე და კუბელი ხალხის უფლებების მხარდასაჭერად, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთქმედებით. ვატიკანმა თეთრ სახლს აცნობა, რომ კუბის მთავრობა უახლოეს ხანში დაიწყებს პოლიტპატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლებას.

თეთრი სახლის თანახმად, კუბის ხელისუფლებას ბოლო ნახევარი წელია საერთაშორისო ტერორიზმისადმი არანაირი მხარდაჭერა არ გამოუხატავს და ირწმუნება, რომ ამას არც მომავალში არ გააკეთებს.

2015 წელს კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მის შემდეგ პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა კუბა ამ სიაში დააბრუნა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან კუბის ამოღების შესახებ ნიშნავს, რომ შერბილდება ეკონომიკური ზეწოლაც.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს რომის პაპ ფრანცისკეს აცნობეს, რომ სიტუაციის შესაბამისად, ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს. სააგენტო AP-ს ცნობით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება საჯაროდ არ დაუკავშირა აშშ-ის ნაბიჯს, კუბა ამოიღოს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან და კიდევ ერთხელ დაგმო ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებსაც „ეკონომიკურ ომს“ უწოდებს. გარდა ამისა, ჰავანა შიშობს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილებას გააუქმებს ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან მეორედ შეუდგება.

კუბის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, ვინ არიან იმ პატიმრებს შორის, რომელთა გათავისუფლებასაც აპირებს.

2021 წლის ივლისში, კუბის ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქციები დაიწყო ენერგოკრიზისის და პროდუქტების მკვეთრად გაძვირების გამო. უფლებადამცველების ინფორმაციით, ხელისუფლებამ ანტისამთავრობო გამოსვლების გამო დააპატიმრა 1500-ზე მეტი ადამიანი. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, 600-მდე ისევ ციხეში იყო.

კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ აშშ-ის მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები ჯერ კიდევ 1962 წლიდან მოქმედებს. ჰავანა სწორედ ვაშინგტონს ადანაშაულებს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო.

კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ აშშ-ის თითქმის სრული ეკონომიკური ემბარგო ჯერ კიდევ 1962 წლიდან მოქმედებს. ჰავანა სწორედ ვაშინგტონს ადანაშაულებს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შექმნაში. აშშ ემბარგოს გაუქმების პირობებად ასახელებს კუბის დემოკრატიზაციას და ადამიანის უფლებების დაცვას.

აშშ-ის მიერ ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებული ქვეყნების სიიდან კუბის ამოღების შემდეგ, ამ სიაში რჩებიან ირანი, სირია და ჩრდილოეთი კორეა. აკრძალულია მათთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა და იარაღის მიყიდვა.

სრულად წაკითხვა