აშშ-ს საელჩოს ქარდები აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე - ირალი კობახიძე

2 weeks ago 9

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ეს ქარდები აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 4 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მას შემდეგ, რაც მას კითხვა დაუსვეს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდების შესახებ.

„თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და ახლა უკვე ქარდები იდება იმისთვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ქარდებში.

იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2025 წლის 20 იანვარს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება და ის უკვე ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის საელჩო საქართველოში აგრძელებს ორსიტყვიანი გზავნილების კამპანიას. ბოლო სამი დღეა, აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში, ორი და სამსიტყვიანი გზავნილებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

სრულად წაკითხვა